თედო ჯაფარიძის ინფორმაციით, აფხაზეთის რკინიგზის საკითხი არ განიხილება

თედო ჯაფარიძის ინფორმაციით, აფხაზეთის რკინიგზის საკითხი არ განიხილება

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თედო ჯაფარიძის განცხადებით, შესაძლოა, სომხეთის მინისტრის სურვილია , რომ აფხაზეთის რკინიგზის ფუნქციონირების აღდგენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობდეს.

თედო ჯაფარიძე სომხეთის ტრანსპორტის მინისტრის პირველი მოადგილის არტურ არაქელიანის ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც ის აფხაზეთის რკინიგზის ფუნქციონირების აღდეგასთან დაკავშირებით საუბრობს.

"თემა ძალიან სენსიტიური და დელიკატური ხასიათის არის. მე არ ვიცი, რა ბრძანა სომხეთის ტრანსპორტის მინისტრმა, არ მგონია, რომ რაღაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს რუსეთსა და საქართველოს შორის, მათ შორის, სომხეთის ან რომელიმე სხვა ქვეყნის მონაწილეობით. ამას მე დარწმუნებით ვამბობ. ამ მომენტისთვის გეტყვით, რომ ეს არც კი განიხილება სერიოზულად. ეს, შესაძლოა სომხეთის მინისტრის სურვილია, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობდეს", - აღნიშნა თედო ჯაფარიძემ.

სომხეთის ტრანსპორტის მინისტრის პირველი მოადგილე არტურ არაქელიანი გამოცემა tert.am-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ აფხაზეთის რკინიგზის ფუნქციონირების აღდგენასთან დაკავშირებით დახურული მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რაშიც სომხეთის ტრანსპორტის სამინისტროც მონაწილეობს.

მისი თქმით, ეს საკითხი არა იმდენად ეკონომიკურია, რამდენადაც - პოლიტიკური. არაქელიანის დაკვირვებით, ბოლო პერიოდში შეიმჩნევა დამაიმედებელი ნიშნები საკითხის დადებითად გადაწყვეტასთან დაკავშირებით.

კითხვაზე, რა სტადიაზეა საკითხი, მინისტრის მოადგილემ უპასუხა, რომ სიმხური, რუსული და ქართული მხარეები ამ პროგრამას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ. "უბრალოდ, ბოლო დროს გაიზარდა შანსები დამაიმედებელი განცხადებებისთვის, კერძოდ, "რუსეთის სარკინიგზო ხაზების" პრეზიდენტმა ვლადიმერ იაკუნინმა განაცხადა, რომ არის დამაიმედებელი ნიშნები. ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე შევძლებთ ჩვენი ქვეყნის საზოგადოების წინაშე გამოსვლას და ძალიან მნიშვნელოვან განცხადებებს გავაკეთებთ", - განაცხადა არაქელიანმა.