"ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატების" ნაცვლად, ფრაქციას "თავისუფალი დემოკრატები" დაერქმევა

"თავისუფალი დემოკრატები" საპარლამენტო უმრავლესობიდან გასვლასთან დაკავშირებულ საკითხებს დღეს განიხილავენ. ფრაქციის სხდომა საკანონმდებლო ორგანოში 14.00 საათზე დაიწყება.

როგორც "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელმა ვიქტორ დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დღის წესრიგში, პირველ რიგში, უმრავლესობიდან გასვლის საკითხი დგას.

მისივე თქმით, ეს არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ ტექნიკურ დეტალებთან არის დაკავშირებული, რაც მათ შორის სახელის შეცვლასაც გულისხმობს.

ფრაქციას "ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატების" ნაცვლად, "თავისუფალი დემოკრატები" დაერქმევა.

ფრაქციის სხდომაზე გედევან ფოფხაძის საკითხიც გადაწყდება, დარჩება თუ არა უმრავლესობაში.

დოლიძემ იმედი გამოთქვა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ფრაქციის დღევანდელ სხდომაზე ცნობილი იქნება.