"ამ ტონალობაში საუბარი არ შეიძლება ადამიანზე, რომელიც შენი კაბინეტის წევრი იყო"

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - რესპუბლიკელების“ წევრი დავით ზურაბიშვილი თავდაცვის ყოფილ მინისტრთან მიმართებაში პრემიერის განცხადებას აფასებს.

როგორც ზურაბიშვილმა "პირველ პრესკლუბში" განაცხადა, მას "პრემიერის გუშინდელი განცხადება ძალიან არ მოეწონა, რადგან ამ ტონალობაში საუბარი არ შეიძლება იმ ადამიანზე, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში, მისი თანამოაზრე, კაბინეტის წევრი იყო და ერთ-ერთ წარმატებულ მინისტრად ითვლებოდა".

"ერთ დღეში ასეთი გარდაქმნა ხალხის მტრად, ძალიან ცუდ ასოციაციებს აღძრავს წინა ხელისუფლებებთან და ცუდი ტრადიციის სტილში იყო გადაწყვტილი. საღამოს მან დიპლომატიურ წარმომადგენლებთან შეხვედრისას სრულიად საწინააღმდეგო განცხადება გააკეთა, რომელიც სახელმწიფო მეთაურის სტილს შეეფერებოდა. ვისურვებდი, რომ პირველი განცხადება ყოფილიყო მისი დამოკიდებულების განმსაზღვრელი და არა პირველი, რომელიც ალბათ, უფრო ემოციებს უნდა მივათვალოთ",- განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ყოფილ მინისტრს, მინისტრთა კაბინეტთან შეხვედრისას უჭკუო, ამბიციური და ავანტიურისტი უწოდა.