აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი არ ფიქრობს, რომ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან უხვევს, თუმცა მიიჩნევს, რომ მიმდინარე პროცესები გამოწვევებს ქმნის.
ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმ, ჯენ ფსაკიმ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას ირგვლივ განვითარებული მოვლენებისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც, მინისტრების შეცვლა შიდაპოლიტიკური საკითხია და ქვეყნის საგარეო ურთიერთობებზე არ აისახება.
"რეგიონული უწესრიგობისა და შიდა ეკონომიკური გამოწვევების დროს, საქართველოს რაც სჭირდება, ესაა სტაბილურობა, ერთობა, კანონის უზენაესობისა რეალიზება და საზოგადოების ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი. ცხადია, როდესაც ადგილი აქვს მრავალგზის, ერთდროულ გამოძიებას ყოფილი მთავრობისა და ამჟამინდელი ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ, ეს ბადებს წუხილს პოლიტიკური ანგარისწორებასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია თავიდან იქნას აცილებული აღქმაც კი იმისა, რომ სამართალდამცავი სისტემა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენება", - განაცხადა ფსაკიმ.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, მათთვის ცნობილია პრემიერ-მინისტრის განცხადებების შესახებ სამართლებრივ პროცესებთან დაკავშირებით, რომ აქ შესაშფოთებელი არაფერია.
"ფაქტია, გამოძიებები ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ამჟამინდელი ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ გრძელდება. ასე რომ, მე ვფიქრობ, მოქმედებები ამ შემთხვევაში უფრო მეტს ამბობს, ვიდრე სიტყვები", - განაცხადა ფსაკიმ.
კითხვაზე, არის თუ არა აშშ-ს ადმინისტრაციაში შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო შორდება გზას, რომლითაც ის მიდოდა, ფსაკიმ უპასუხა, რომ "არა, თუმცა მიმდინარე პროცესებს გარკვეული გამოწვევები ახლავს თან".
ამასთან, ჯენ ფასკის თქმით, აშშ-ს სურს საქართველომ გააგრძელოს წარმატებისკენ სვლა და ლიდერები, რომლებიც თანამშრომლობენ ქვეყნის მომავლისთვის, ამის მნიშვნელოვანი კომპონენტია.