ფრაქცია

ფრაქცია "უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარები" შესაძლოა, უმრავლესობაში გაერთიანდეს

პარლამენტის ე.წ. დამოუკიდებელი ფრაქცია "უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარები" შესაძლოა უმრავლესობაში გაერთიანდეს. 

"ინტენპრესნიუსის" ინფორმაციით, თავის დროზე "ნაციონალური მოძრაობიდან" გამიჯნული მაჟორიტების 6-კაციან ფრაქციასთან კონსულტაციები ამ თემაზე დაწყებულია. მთავარი მომლაპარაკებელი მხარეები უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე და ფრაქციის თავმჯდომარე კახა ოქრიაშვილი არიან, რომელთა შორის ამ თემაზე კონსულტაციები პარლამენტში გუშინ გვიან ღამითაც გაიამართა. ამ კონტექსტში აღსანიშნავია ისიც, რომ ფრაქციის სამი წარმომადგენელი ორი დღის წინ პრემიერ-მინისტრის, ექს-პრემიერის და უმრავლესობის წევრების შეხვედრის მონაწილეები იყვნენ და იმ შეხვედრას ეწრებოდნენ, სადაც განხილვის თემა თავდაცვის სამინისტროს და ირაკლი ალასანიას გარშემო წარმოებული საქმეები იყო. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" კახა ოქრიაშვილმა განუცხადა, ფრაქცია "უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარები" თანამშრომლობდა და მომავალშიც ითანამშრომლებს უმრავლესობასთან. სააგენტოს კითხვაზე კი, რამდენად მოსალოდენლია მათი უმრავლესობასთან გაერთიანება, ოქრიაშვილმა განაცხადა, რომ "ამაზე მეტს ის დღეს ვერაფერს იტყვის". 

ცნობისთვის, პარლამენტში ასევე არის შვიდი დამოუკიდებელი დეპუტატი, რომლებიც "უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარების" ანალოგიურად "ნაციონალური მოძრაობიდან" წამოსული მაჟორიტარები არიან და არც ერთ ფრაქციას არ მიეკუთვნებიან. "ქართული ოცნების" ლიდერები საპარლამენტო მუშაობის პროცესში მათთანაც თანამშრომლობის პერსპექტივას ხედავენ. 

არსებული ინფორმაციით, ფრაქცია "ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატებიდან" უმრავლესობას რვა დეპუტატი დატოვებს, ორი – თამაზ ჯაფარიძე და გელა სამხარაული კი, მმართველ კოალიციაში რჩება. ამის მიუხედვად, უმრავლესობას სულ მცირე ერთი დეპუტატის შემოერთება სჭირდება, რათა ფორმალურად უმრავლესობა შენარჩუნდეს.