სააგენტო

სააგენტო "ინტერპრესნიუსის" განცხადება

სააგენტო "ინტერპრესნიუსის" განცხადება "მედიის განვითარების ფონდის" მიერ გაცრცელებულ კვლევაში "სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული მედია - არათანაბარი კონკურენცია საინფორმაციო სააგენტოებს შორის" , მოყვანილია ფორმულირება "საინფორმაციო სააგენტოების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება", რომელიც ერთმნიშვნელოვნად მცდარია და, სავარაუდოდ, საზოგადოების შეცდომაში შყვანას ისახავს მიზნად.

სააგენტო "ინტერპრესნიუსი" არის შპს, რომელიც არ ფინანსდება არც ერთი ორგანიზაციის მიერ. სააგენტო უწევს სხვადასხვა ტიპის მომსახურებას (იხილეთ სერვისები) როგორც საჯარო, ისე კომერციულ და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა საერთო რიცხვი ასზე მეტია. საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" უპირობო ლიდერია ქართულ საინფორმაციო სააგენტოებს შორის. დამკვეთების სიმრავლეს განაპირობებს სააგენტოს სანდოობა, ობიექტურობა, ოპერატიულობა, მაღალი რეიტინგი (50-დან 100 ათასამდე ყოველდღიური უნიკალური ვიზიტორი Google Analytics-ის მიხედვით) და სტაბილურობა, რითაც ნამდვილად ვამაყობთ. სააგენტო მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გეგმავს გაზარდოს როგორც საბიუჯეტო, ისე კომერციული, არასამთავრობო თუ სხვა დამკვეთი ორგანიზაციების რიცხვი, რომელთაც გაუწევს ჯეროვან მომსახურებას.

მედიის განვითარების ფონდის კვლევაში აგრეთვე გამოთქმულია შენიშვნა, რომ სააგენტო ატარებს სოციოლოგიურ კვლევებს დამკვეთის და მეთოდოლოგიის მითითების გარეშე. გვინდა დავაფიქსიროთ, მიუხედავად იმისა, რომ დამკვეთების უმრავლესობის მომსახურების პაკეტში შედიოდა სოციოლოგიური კვლევის და გამოკითხვის ჩატარება, 2013-2014 წლების განმავლობაში სააგენტოს არ მიუღია დაკვეთა კვლევის ჩატარებაზე და შესაბამისად არც ერთი დაკვეთილი სოციოლოგიური კვლევა სააგენტოში არ ჩატარებულა. სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული იყო მხოლოდ გაზეთ "კვირის პალიტრის" მიერ ჩატარებული კვლევები, რომლის მეთოდოლოგია შეგიძლიათ იხილოთ გაზეთ "კვირის პალიტრაში".

მოვუწოდებთ "მედიის განვითარების ფონდს", უახლოეს ხანში შეცვალოს ფორმულირება "საინფორმაციო სააგენტოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება" და ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ მომავალში მსგავსი კვლევების ჩატარებისას უკეთ შეისწავლოს საინფორმაციო სააგენტოების საქმიანობა.