კოალიცია „ქართული ოცნება“ ირაკლი ალასანიას გუნდის წევრებმა გორის საკრებულოშიც დატოვეს

კოალიცია „ქართული ოცნება“ ირაკლი ალასანიას გუნდის წევრებმა გორის საკრებულოშიც დატოვეს

„თავისუფალი დემოკრატები“ ოპოზიციაში გადავიდნენ, თუმცა 15-კაციან საკრებულოში 9 მანდატი „თავისუფალ დემოკრატებს“ ეკუთვნის, 6 კი კოალიციის წევრებს - 4-„ქართული ოცნება“, 1-„რესპუბლიკელები“, 1 - „ფორუმი“.

კოალიციის დატოვების შესახებ განცხადებები დღეს ფრაქცია „თავისუფალი-დემოკრატების“ თავმჯდომარემ დავით წეწვაძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ თამარ თედლიაშვილმა გააკეთეს.

„ჩვენ ისევ ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებთ ქალაქზე ზრუნვას და მიდგომებს არანაირად არ შევცვლით. ჩვენ უბრალოდ დავტოვეთ კოალიცია და წევრების რაოდენობის მიხედვით უმრავლესობაში აღმოვჩნდით. თვითმმართველობაში პოლიტიკა - ნაკლებად, ჩვენ უბრალოდ პოზიცია შევიცვალეთ“, - აცხადებს თამარ თედლიაშვილი.

გორის საკრებულოში მორიგი სხდომა ხვალ გაიმართება, თუმცა „თავისუფალი-დემოკრატები“ აცხადებენ, რომ განსახილველ საკითხებს მხოლოდ მოისმენენ, არცერთ მათგანს კენჭისყრა არ დასჭირდება.

თუმცა არსებული ვითარებიდან გამომდინარე, სხდომაზე გატანილ საკითხებთან დაკავშირებით, გადამწყვეტი მაინც ოპოზიციაში გადასული და უმრავლესობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატების“ ხმა იქნება.