გიორგი რუხაძის ვარაუდით, ალასანიას საფრანგეთში კონკრეტული ტიპის იარაღის შესყიდვაზე ჰქონდა საუბარი

გიორგი რუხაძის ვარაუდით, ალასანიას საფრანგეთში კონკრეტული ტიპის იარაღის შესყიდვაზე ჰქონდა საუბარი

საერთაშორისო საკითხებში ექსპერტის შეფასებით, სასაცილოც კია ირაკლი ალასანიას განცხადება, როდესაც ის საქართველოს ევროატლანტიკური კურსის მოწინააღმდეგედ პროკურატურას ასახელებს.

როგორც გიორგი რუხაძემ "პირველ პრესკლუბში" განაცხადა, ალასანიამ შეცდომა დაუშვა. 

"ყველასთვის გასაგებია, რომ პროკურატურას პოლიტიკური ინტერესები არ უნდა ჰქონდეს და თუ ასეთი აქვს,  ეს მისი ინტერესი ნამდვილად არ არის. ეს არის საქართველოს ხელისუფლების პირველი პირის ინტერესი და აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ალასანიამ აქ შეცდომა დაუშვა, რადგან თუ ის პირდაპირ საქართველოს პრემიერ-მინისტრს გულისხმობდა, პირდაპირ უნდა ეთქვა",- განაცხადა რუხაძემ. 

ამასთან, გიორგი რუხაძე ვარაუდობს, რომ თავდაცვის მინისტრის საფრანგეთში ვიზიტისას საუბარი იყო კონკრეტული ტიპის იარაღის შესყიდვაზე.

"ყველასთვის გასაგებია, რომ საფრანგეთი არის იარაღის ერთ-ერთი მსხვილი გამყიდველი. ლაპარაკი იყო, თავდაცვის ტიპის იარაღზე და ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს თავდაცვითი პოტენციალის გაძლიერებას, ეს არის რუსეთი და თუ საქართველოს ხელისუფლებაში იყო ძალა, რომელიც ალასანიას ამ გარიგებას ეწინააღმდეგებოდა, ეს პირდაპირ მიანიშნებს, რომ აქ არის პირდაპირი ბმა რუსულ ინტერესებსა და საქართველოს ხელისუფლების რაღაც ჯგუფს შორის. ირაკლი ალასანიამ ეს უნდა განვგვიმარტოს და მეტი ინფორმაცია მისცეს საზოგადოებას",-განაცხადა ექსპერტმა.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ  ირაკლი ალასანიამ საუბარი მაშინ დაიწყო, როდესაც პროკურატურამ მის წინააღმდეგ მოქმედებები განახორციელა. 

"ალასანიას უნდა ჰყოფნოდა გამბედაობა იმისთვის, რომ ეს ბევრად უფრო ადრე გაეკეთებინა",-აღნიშნა გიორგი რუხაძემ.