ირაკლი ალასანია საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა

ირაკლი ალასანია საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია საქართველოში ევროკავშირის ელჩ იანოშ ჰერმანის შეხვდა. როგორც ალასანიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარი შეეხო პროკურატურის მიერ მის და "თავისუფალ დემოკრატების" წინააღმდეგ "წარმოებულ იერიშს", რომელსაც ბოლო პერიოდში აქვს ადგილი.

"ევროკავშირის ელჩთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ბოლო პერიოდში პროკურატურის მხრიდან პოლიტიკური ნიშნით, ჩემი როგორც თავდაცვის მინისტრისა და ზოგადად, "თავისუფალი დემოკრატების" წინააღმდეგ წარმოებულ იერიშზე, რაც ჩვენი მხრიდან ჩათვლილია, რომ ხდება მიზანმიმართულად, რათა დაზიანდეს ჩვენი ქვეყნის საგარეო იმიჯი და ხელი შეეშალოს იმ მიზნების შესრულებას, რაც დასახული აქვს ქვეყანას, ევროატლანტიკურ სივრცეში სრული ინტეგრაციისთვის და პირდაპირ რომ ვთქვათ, ჩვენი დამოუკიდებლობისთვის", - განაცხადა ალასანიამ.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის განმარტებით, ელჩისგან მიიღო პირობა, რომ საერთაშორისო საზოგადოება დაინტერესებულია პროცესი წარიმართოს ღიად.

"როგორც ელჩმა აღნიშნა, ისინი დაინტერესებული იქნებიან გამოძიება წარიმართოს ღიად, მაგრამ ღიად ვერ მიმდინარეობს – ადვოკატებს არ აქვთ საქმის მასალები. აქედან გამომდინარე ეჭვები, რომელიც დღითი დღე მყარდება, საქართველოს აზიანებს", - აღნიშნა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.

ალასანიას განმარტებით, მთავარი ამოცანაა, რომ სწრაფად დაიწყოს ღია გამოძიება და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი.

"არავის მივცემ საშუალებას შებღალოს როგორც იმ სამხედროების და სამოქალაქო პირების იმიჯი და სახელი, ვინც დღეს დაკავებულია, ისე ჩემი პატივი და ღირსება. ამიტომ ამ საქმეს მე ბოლომდე მივყვები. საერთაშორისო თანამეგობრობა ძალიან ყურადღებით იქნება ამ კუთხით, ისევე, როგორც დღეს განცხადება გააკეთა ამერიკის შეეერთებული შტატების დეპარტამენტმაც. ეს ყველაფერი ძალიან მახინჯ და ცუდ ფორმას მიიღებს, თუ არ მოხდება გამოძიების ღიად წარმართვა", - განმარტა ალასანიამ.