ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი ადამიანი ერთმანეთში ხედავდეს ძმას და არა მტერს

ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი ადამიანი ერთმანეთში ხედავდეს ძმას და არა მტერს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში მამა გაბრიელის ხსენების დღესთან დაკავშირებით იქადაგა. როგორც საკვირაო ქადაგებისას ითქვა, თბილისს მამა გაბრიელის სახელობის ქუჩა შეემატება, რომელიც მის საცხოვრებელ სახლთან მდებარეობს. ასევე, იქვე ახლოს გამოიყო მიწის ნაკვეთი, სადაც წმინდა გაბრიელ სალოსის სახელობის ტაძარი აშენდება.

"საქართველო მდიდარია გამოჩენილი ადამიანებით. გამოჩენილი ადამიანები ყველა საუკუნეში გვხვდებოდნენ – ღვთით, ღვთის წყალობით დაჯილდოებულნი. დღეს არის ხსენება ღირსისა მამისა ჩვენისა გაბრიელისა. თქვენ თითქმის ყველანი იცნობდით მამა გაბრიელს, იცნობდით მის ლოცვას, მოღვაწეობას. ის არ იყო ჩვეულებრივი ადამიანი - ხანდახან იყო მლოცველი. განსაკუთრებით ლოცულობდა ერისთვის, ხალხისთვის. ხანდახან იყო სალოსი, მაგრამ ღვთის წინაშე ღვთით დაჯილდოებული იყო სასწაულებით. ახდენდა სასწაულებს. დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ მისი ლოცვით ღმერთმა დაამშვიდოს და დააწყნაროს საქართველო, ჩვენი ეკლესია, გაამთლიანოს საქართველო და ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი ადამიანი ერთმანეთში ხედავდეს ძმას და არა მტერს", - ბრძანა პატრიარქმა ქადაგებისას.

დღეს რამდენიმე სასულიერო პირი დაჯილდოვდა. კერძოდ, იღუმენი თეოფანე არღვლიანი დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. მღვდელმონაზონი შიო გელაშვილი აყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში, ასევე იღუმენის ხარისხში იქნა აყვანილი მღვდელმონაზონი იოსებ იკაშვილი.

გარდა ამისა, პატრიარქმა გვარები: საათაშვილები, როსმანაძეები, იაშაღაშვილები, მუსელიანები და გაგოშვილები დალოცა. მან ასევე დალოცა საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაცია და ნაკრები, რომელიც გერმანიაში მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ მიემგზავრება.

დღესვე პატრიარქმა ცნობილ ექიმებს რაულ მანაგაძეს და რევაზ გაგუას იუბილე მიულოცა.