საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით დღეს ავსტრიის რესპუბლიკაში გაემგზავრება. ვენაში გიორგი მარგველაშვილი მონაწილეობას მიიღებს "ზღვაზე გასასვლელის არმქონე განვითარებადი ქვეყნების" გაეროს მეორე კონფერენციის მუშაობაში. ფორუმის ფარგლებში გაიმართება ამ ქვეყნების ეკონომიკურ-სტრუქტურული ტრანფორმაციის მიღწევების თემატური განხილვა. ქვეყნის პირველი პირი გაეროს გენერალურ მდივანთან, მონტენეგროს პრეზიდენტთან, შვედეთის საერთაშორისო განვითარების მინისტრთან და გაეროს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორთან ერთად, თემატური პანელის ერთ-ერთი მთავარი გამომსვლელი იქნება. გიორგი მარგველაშვილი ავსტრიის სავაჭრო პალატაში დაესწრება დისკუსიას თემაზე: "ბიზნესგადაწყვეტილებები განვითარების გამოწვევების დასაძლევად".
ამას გარდა, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია გიორგი მარველაშვილის შეხვედრები ავსტრიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ჰაინც ფიშერთან, ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) მეორე პრეზიდენტთან კარლჰეინც კოპფთან, გაერო-ს გენერალურ მდივანთან ბან კი-მუნთან, გაერო-ს სოფლის მეურნეობისა და სურსათის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან ჟოზე გრაციანო და სილვასთან, ეუთოს გენერალურ მდივანთან ლამბერტო ზანიერისთან და სხვა ლიდერებთან.
ქვეყნის პირველი პირი ავსტრიული მედიის წარმომადგენლებსაც შეხვდება.