ზამთრის კომუნალური ვაუჩერების დარიგება დაიწყო

ზამთრის კომუნალური ვაუჩერების დარიგება დაიწყო

დღეიდან თბილისელები ზამთრის კომუნალურ ვაუჩერებს მიიღებენ. როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ზამთრის სეზონის მზადებასთან დაკავშირებით მერიაში გამართულ თათბირზე განაცხადა, სოციალურად დაუცველი ოჯახები 250 ლარიან, დანარჩენი აბონენტები კი 100 ლარიან ვაუჩერს მიიღებენ.

„ვაუჩერი მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბერში დარიგდება იმ სქემით, რა სქემაც იყო დამტკიცებული. ცვლილება არ მომხდარა, თუმცა ჩვენ გავზარდეთ დაფინანსების მოცულობა, როცა სექტემბერში შევცვალეთ ბიუჯეტი, ვინაიდან, სოციალურად დაუცველთა ბაზაში შეტანილმა ცვლილებებმა დამატებითი დაფინანსების საჭიროება წარმოშვა“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, ზამთრის სეზონისთვის თბილისის მერია და შესაბამისი სამსახურები სრულ მზადყოფნაში არიან. მისივე თქმით, შეშით დაკმაყოფილდებიან იმ რაიონში მცხოვრები ოჯახები, სადაც გაზიფიცირება არ არის. ამ საკითხზე თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ერთად მუშაობენ. ჩატარებული ჭრების შედეგად მობილიზებულ შეშას მოსახლეობას გამგეობები დაურიგებენ.

დავით ნარმანიას თქმით, მზადყოფნაა ელექტროენერგიით მომარაგების თვალსაზრისითაც. რაც შეეხება მოსახლეობის დავალიანების გადავადებას, თბილისის მერის თქმით, ამასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა ჩატარდება და საკითხი მოსახლეობის სასარგებლოდ გადაწყდება.

გარდა ამისა, მომარაგებულია ტექნიკური მარილი და საჭიროების შემთხვევაში გზებზე მის დაყრას „თბილსერვისი“ უზრუნველყოფს.

დღევანდელ შეხვედრაზე გამგეობებმა თავიანთ რაიონებში არსებული პრობლემატური საკითხები დააყენეს. როგორც ნაძალადევის გამგებელმა, ზაზა გაბუნიამ განაცხადა, ნაძალადევის რაიონში კომპაქტურად ჩასახლებულ ადგილებში გაზიფიცირების პრობლემა დგას. გაბუნიას თქმით, გაზიფიცირებისათვის გამგეობამ თანხა უკვე გამოყო და შესაბამის სამუშაოებს კერძო კომპანიები ჩაატარებენ.

შეხვედრას სერვისის მიმწოდებელი კომპანიების - „თელასის“ და „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.