ალექსანდრე მარგიშვილი - მერიაში თანამდებობებზე ტესტირებაგავლილი თანამშრომლები დარჩებიან

ალექსანდრე მარგიშვილი - მერიაში თანამდებობებზე ტესტირებაგავლილი თანამშრომლები დარჩებიან

კანონის შესაბამისად, მერიაში თანამდებობებზე ტესტირებაგავლილი თანამშრომლები დარჩებიან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დედაქალაქის მერიაში გუშინ ვიცე-მერმა ალექსანდრე მარგიშვილმა განუცხადა. 

ალექსანდრე მარგიშვილმა ტესტირების პირველი დღე შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ტესტირების შედეგად გამსვლელი ქულა 196-მა მერიის თანამშრომელმა მოიპოვა, რაც ტესტირებაში მონაწილეთა 40%-ია. ვიცე-მერმა აღნიშნა, რომ გასაუბრების შემდეგ მეორე ეტაპზე გაირკვევა, რამდენი მათგანი დარჩება მერიაში თანამდებობაზე. 

ალექსანდრე მარგიშვილის განცხადებით, კანონის თანახმად, ის პირები, რომლებიც ტესტირებას ვერ ჩააბარებენ, მათი გათავისუფლება შესაძლებელია. მისივე განმარტებით, კონკრეტულად, ამ გათავისუფლებული პირებიდან, თუ ვინ დაინიშნება შემდეგ მოვალეობის შემსრულებლად თანამდებობებზე, ამას თბილისის მერი გადაწყვეტს და არა საკონკურსო საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე. 
მარგიშვილის თქმით, ის პირები, რომლებიც ტესტირებას ვერ გაივლიან, ადგილებზე მოვალეობის შემსრულებლებად შესაძლოა დეკემბრამდე დარჩნენ, შემდგომ კი თანამდებობებზე კონკურსის შედეგად შერჩეული პირები დაინიშნებიან. 

მარგიშვილის განცხადებით, ის პირები, რომლებიც ტესტირებას ვერ დაძლევენ, შეუძლიათ დეკემბერში ჩასატარებელ კონკურსებში მიიღონ მონაწილეობა. 

ტესტირებაზე გამსვლელი 45 ქულა იყო. ვიცე-მერი აცხადებს, რომ 45 ქულა არის ის აუცილებელი მინიმუმი, რომელიც 60 კითხვიანი ტესტიდან მერიის თანამშრომელმა უნდა დაძლიოს.
მარგიშვილის თქმით, ტესტირების მაღალი ბარიერის განსაზღვრა დედაქალაქის მერის გადაწყვეტილებით მოხდა, რათა მერიის სისტემაში მაღალი სტანდარტები დანერგონ. 

მარგიშვილმა ასევე ისაუბრა იმის შესახებ, რომ ტესტები გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მოამზადა და ტესტირების პროცესმა დღეს მაღალ დონეზე ჩაიარა, რისთვისაც მან მადლობა გადაუხადა გამცდების ეროვნულ ცენტრს. 

მარგიშვილი მიიჩნევს, რომ გამოცდაზე გასული მერიის თანამშრომლებიდან ტესტი 40 პროცენტმა დაძლია, რაც დაბალი მაჩვენებელი არ არის. 

"გამოცდების ეროვნული ცენტრის კომპეტენცია არ გახლავთ განსაზღვროს ან შეაფასოს ბარიერი მაღალი იყო თუ დაბალი. ეს არის ჩვენი კომპეტენცია. ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება იმის გათვალისწინებით, რომ გვინდა მაღალი სტანდარტები დავნერგოთ. გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა კი ეს პროცესი მაღალ დონეზე ჩაატარა, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო", - აღნიშნა ალექსანდრე მარგიშვილმა.

მისივე თქმით, მერიის ხელმძღვანელობისათვის უკეთესია, რაც უფრო მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანი იმუშავებს მერიაში. მათ არ აქვთ სურვილი, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გაუშვან თანამდებობიდან.