თბილისის მერიის მოხელეთა ტესტირებაზე მინიმალური ზღვარი 196-მა პირმა გადალახა

თბილისის მერიის მოხელეთა ტესტირებაზე მინიმალური ზღვარი 196-მა პირმა გადალახა

თბილისის მერიის მოხელეთა ტესტირებაზე 486 მონაწილე აპლიკანტიდან მინიმალური ზღვარი ჯამში 196-მა გადალახა. სულ ჯამში რეგისტრირებული 563 აპლიკანტიდან, ტესტირებაზე 486 გამოცხადდა. 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ტესტირების მეორე ეტაპზე 244 მონაწილე პირიდან 112-მა გადალახა ზღვარი.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი აცხადებს, მიღებული მაჩვენებლები კარგი შედეგია. "რაც შეეხება კონკრეტულად მეორე ნაკადის მონაცემებს, პირველ ნაკადთან შედარებით მონაცემები შედარებით მაღალია და სხვაობა 5%-ს შეადგენს", - განაცხადა მიმინოშვილმა. 

თბილისის მერიის მოხელეთა ტესტირების პირველ ნაკადზე 242 აპლიკანტიდან ბარიერის გადალახვა 84-მა შეძლო, 158-მა კი, მერიის მიერ დადგენილი ზღვარის გადალახვა ვერ მოახერხა. 

ტესტებში მოცემული იყო საკითხები, საქართველოს კონსტიტუციიდან, "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" ევროპული ქარტიიდან, "საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსიდან", საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსიდან, "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონიდან და უნარ-ჩვევებიდან. 

მერიის მოხელეთა ატესტაციის მეორე ეტაპზე აპლიკანტებს გასაუბრება ჩაუტარდებათ. თბილისის მერიის ინფორმაციით, გასაუბრება 7 ნოემბრიდან 14 ნოემბრამდე ეტაპობრივად ჩატარდება.