დავით უსუფაშვილი ე.წ. გასაღებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის პოზიციას სრულად არ იზიარებს

დავით უსუფაშვილი ე.წ. გასაღებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის პოზიციას სრულად არ იზიარებს

პარლამენტის თამჯდომარე დავით უსუფაშვილი ე.წ. გასაღებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პოზიციას სრულად არ იზიარებს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში სტუმრობისას, ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო უცხოურ კომპანიებს ე.წ. გასაღებს ვერ ანდობს.

უსუფაშვილი პროცესში ჩართულ ყველა პირს საბოლოო დასკვნების გაკეთებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

"ბატონმა პრემიერ-მინისტრმა ბრძანა, რომ მისი პოზიციაა, გასაღები დარჩეს სადაც არის, რადგან შსს-ში ყველაზე სწორად და ეფექტურად გაუძღვებიან ამ საქმეს, ამასთან, მან ისიც თქვა, რომ მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს, კონტროლისა და მონიტორინგის მექანიზმები. მე ამ დებულებას სრულად არ და ვერ გავიზიარებდი, - მგონია, რომ კონტროლის და მონიტორინგის მექანიზმები უნდა გაიზარდოს, რაც შეეხება ამ საინფორმაციო ბაზის ადგილსამყოფელს და იმ ადამიანის, რომელმაც სასამართლოს ნებართვის საფუძველზე, რაღაც უნდა ჩართოს, ამაზე კონკრეტული მოსაზრებები ცოტა მოგვიანებით მექნება", - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, საკითხი მნიშვნელოვანი იმიტომ არის, რომ მან ვინც პულტთან ზის, სასამართლოს ნებართვის გარეშე, სხვა ტელეფონები არ ჩართოს მოსმენაზე.

"ეს უნდა გამოვრიცხოთ. ამასთან, ისიც უნდა გამოვრიცხოთ, თუ კი გამომძიებელს სასამართლოს ნებართვა უჭირავს ხელში, მას არავინ შეუქმნას პრობლემა, ამ ინფორმაციის მიღებაში. მესამე რაც უნდა გამოვრიცხოთ, - იმ პირებმა, რომლებსაც არ ევალებათ, არ შეიძლება იცოდნენ, ვის უსმენენ და ვის - არა, რათა ამის შესახებ ინფორმაცია არ გაიტანონ სადმე. აქედან გამომდინარე, - ამ სამივე მიზნის უზრუნველსაყოფად, ჩვენ მოვძებნით სწორ მოდელს", - განაცხადა უსუფაშვილმა.

გუშინ "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტმა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს და მის საკანონმდებლო შეთავაზებას მხარი დაუჭირა.

პრეზიდენტის შენიშვნების გათვალისწინებით და პარლამენტის შესაბამისი გადაწყვეტილებით, ფარული მოსმენებისას პერსონალურ მონაცემებზე წვდომის მექანიზმებთან – ე.წ. "გასაღებთან" დაკავშირებით საკანონმდებლო ნორმის მომზადების და დამტკიცების მიზნით პარლამენტს ერთთვიანი ვადა მიეცა – ბოლო თარიღი მიმდინარე წლის 1-ელი დეკემბერია.

ამავე ვადით უხანგრძლივდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკურ დეპარტამენტს კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციის ხაზებიდან და მათი შემაერთებლებიდან, სერვერებიდან, ბაზებიდან, კავშირგაბმულობის ქსელებიდან, კავშირგაბმულობის სხვა საშუალებებიდან ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებობების გამოყენების, სათანადო აპარატურის და ტექნიკური მოწყობილობების განთავსება-მონტაჟის კანონიერი უფლება.

კანონპროექტს ხელი პრეზიდენტმა 31 ოქტომბერს მოაწერა და "საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნდა.