ირაკლი ალასანია დარწმუნებულია, რომ თავდაცვის უწყების დაკავებული თანამშრომლები გამოძიებას არ დაემალებიან

ირაკლი ალასანია დარწმუნებულია, რომ თავდაცვის უწყების დაკავებული თანამშრომლები გამოძიებას არ დაემალებიან

ირაკლი ალასანია დარწმუნებულია, რომ მისი უწყების დაკავებული თანამშრომლები გამოძიებას არ დაემალებიან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გიორგი ვოლსკიმ კოალიცია "ქართული ოცნების" დღევანდელი პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი განმარტებით, თავდაცვის მინისტრი ძირითადად სწორედ ამაზე საუბრობდა. ამასთან, ვოლსკის განმარტებით, ერთ აზრს უნდა შევეჩვიოთ – არასდროს აღარ დავბრუნდებით იმ დროში, როცა მაღალ ხელისუფლებას შეუძლია ჩაერიოს და გამოძიებას გარკვეული მიმართულება მისცეს.

"ირაკლი ალასანიას სურვილი აქვს, რომ რაღაც საკითხებში დეტალურად ჩაიხედოს. საერთო აზრია, რომ გამოძიებას მივცეთ საშუალება, სრულფასოვნად და ხარისხიანად იმუშაოს. ძირითადად საუბარი იყო იმაზე, მინისტრის პოზიციაზე, რომ დაკავებულები არ დაემალებიან გამოძიებას. თუმცა ერთ აზრს უნდა შევეჩვიოთ – არასდროს აღარ დავბრუნდებით იმ დროში, როცა მაღალ ხელისუფლებას შეუძლია ჩაერიოს და გამოძიებას გარკვეული მიმართულება მისცეს", - განაცხადა ვოლსკიმ.

დეპუტატის მტკიცებით, არავინაა დაინტერესებული და არავის თვითმიზანი არ არის, რომ "ვიღაც დამნაშავე გამოჩნდეს, პირიქით, თუ ეს ასე არ იქნება, უკეთესია", - აღნიშნა ვოლსკიმ.

მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 28 ოქტომბერს დააკავა. უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მთავარი პროკურატურის მიერ დაკავებულნი არიან: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჟ-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჟ-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.