"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომაზე თავდაცვის უწყების დაკავებული თანამშრომლების საკითხზეც იმსჯელეს

კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომაზე თავდაცვის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლების საკითხზეც იმსჯელეს.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს დეპუტატმა ზურაბ ტყემალაძემ განუცხადა, საუბარი შეეხო მიმდინარე თემებს. მათ შორის, პარლამენტის მუშაობას. მისი განმარტებით, განხილვის ერთ-ერთ თემას წარმოადგენდა თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ მაღალჩინოსანთა საქმე.

"აქ ცალსახად ითქვა, რომ გამოძიება გაგრძელდება და აბსოლუტურად გამჭვირვალე იქნება როგორც გამოძიების, ისე სასამართლო პროცესი", - აღნიშნა ტყემალაძემ.

კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომას თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ესწრებოდა. სხდომას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უძღვებოდა.

მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 28 ოქტომბერს დააკავა. უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მთავარი პროკურატურის მიერ დაკავებულნი არიან: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.

აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე 3 ნოემბერს მთავარ პროკურატურაში თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსი ბატიაშვილი დაიკითხება.