თავდაცვის სამინისტრო თანამშრომლების დაკავებასთან დაკავშირებული საქმის მასალების ნაწილობრივ განსაიდუმლოებას ითხოვს

თავდაცვის სამინისტრო თანამშრომლების დაკავებასთან დაკავშირებული საქმის მასალების ნაწილობრივ განსაიდუმლოებას ითხოვს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაკავებული თანამშრომლების საქმესთან დაკავშირებით საქმის ნაწილობრივ განსაიდუმოებას ითხოვს.

როგორც სამინისტროს განცხადებაშია  აღნიშნული, ამ მოთხოვნით თავდაცვის სამინისტრომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ოფიციალური წერილით მიმართა, თუმცა უარი მიიღო.

ამ საკითხთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის მე-17 და მე-18 მუხლების შესაბამისად, თავდაცვის სამინისტრო ოპტიკურ ბოჭკოვანი მაგისტრალის შესყიდვის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის მასალების ნაწილობრივ განსაჯაროებას მოითხოვს.

საიდუმლო გრიფის მოხსნის მოთხოვნით, თავდაცვის სამინისტრომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს, შესაბამისი ოფიციალური წერილი 28 ოქტომბერს გაუგზავნა. წერილი უწყების კანცელარიას 29 ოქტომბერს ჩაბარდა. 31 ოქტომბერს თავდაცვის სამინისტრომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტისგან უარი მიიღო. მიზეზად ის გარემოება დასახელდა, რომ არ იქნა წარმოდგენილი საქმის მასალები.

აქედან გამომდინარე თავდაცვის სამინისტრო (გრიფის მიმნიჭებელი უწყება) მიმართავს საქართველოს პროკურატურას თხოვნით, გადაეცეს საქმის მასალები, შემდგომი დაბრუნების პირობით. იმ შემთხვევაში,  თუ პროკურატურა მიზანშეწონილად არ ჩათვლის საქმის მასალების დედნების გადაცემას, თავდაცვის სამინისტრო საგამოძიებო უწყებას სთავაზობს,  უზრუნველყოს საქმის მასალების ასლების გადაცემა.

შესაბამისი წერილით თავდაცვის სამინისტრო საქართველოს პროკურატურას 3 ნოემბერს მიმართავს", - ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.