სულხან მოლაშვილი 2006 წლის განაჩენსაც გაასაჩივრებს

სულხან მოლაშვილი 2006 წლის განაჩენსაც გაასაჩივრებს

კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელის, სულხან მოლაშვილის მიმართ ქართული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, გარდა წამების მიმართულებით ხელახალი გამოძიებისა , სააპელაციო სასამართლოშიც გასაჩივრდება.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სულხან მოლაშვილის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განუცხადა.

როგორც ბარათაშვილმა აღნიშნა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ის ახალი გარემოებაა, რომლის საფუძველზეც განაჩენი გასაჩივრდება.

მისივე თქმით, სულხან მოლაშვილის მიმართ 2006 წელს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გასაჩივრების ვადა, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, განსაზღვრულია 29 ნოემბრამდე.

ადვოკატის თქმით, სააპელაციო სასამართლოში მოლაშვილის მხრიდან მოთხოვნილი იქნება მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება. ადვოკატი ვარაუდობს, რომ გასაჩივრების შედეგად გამამტყუნებელი განაჩენი გაუქმდება.

როგორც სოსო ბარათაშვილმა განაცხადა, საქმეში არსებული დარღვევებისა და მტკიცებულებების ფონზე, ელოდება, რომ სააპელაციო სასამართლო მოლაშვილის მოთხოვნას დააკმაყოფილებს. კონკრეტული თარიღი, თუ როდის შეიტანს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სააპელაციო სასამართლოში სარჩელს, ჯერ უცნობია.

რაც შეეხება წამების მიმართულებით გამოძიებას, ადვოკატის განმარტებით, აღნიშნულზე ვალდებულება საქართველოს ხელისუფლებამ აიღო და მიმდინარე პროცესებს მეთვალყურეობას გაუწევს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი.

ევრსასამართლოში სულხან მოლაშვილის სარჩელის შესახებ განცხადება საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ორი დღის წინ გაკეთდა.

"სულხან მოლაშვილის მიმართ, ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან მისი უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევას ჰქონდა ადგილი. წინა ხელისუფლებაც იძულებული გახდა, აღიარების წერილი გაეგზავნა სტრასბურგში და დაეწყო მოლაშვილთან მორიგების პროცედურა, მაგრამ ამის შემდეგ დავა გაგრძელდა, რადგან წინა ხელისუფლებასა და მოლაშვილის ადვოკატებს შორის ვერ ხერხდებოდა შეთანხმების მიღწევა მორიგების ტექსტის თაობაზე. ჩვენ ეს პროცედურა დავასრულეთ და სტრასბურგის სასამართლომ ეს საქმე დახურა, რომლის ძალითაც ჩვენ, სახელმწიფოს დაგვეკისრა 20 ათასი ევროს გადახდა", - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლებამ ივალდებულა, რომ მოლაშვილის საქმეს ხელახლა გამოიძიებს.