პარტია

პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა

პარტია "ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს პოლიტსაბჭოს ერთ-ერთმა წევრმა ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა, მათ მიმდინარე პოლიტიკურ და შიდაორგანიზებული საკითხები განიხილეს. ასევე იმსჯელეს იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს პარტია სამომავლოდ გაძლიერებისთვის.

გარდა ამისა, სესიაშვილის განმარტებით, საუბარი შეეხო ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ საკითხს, რასთან დაკავშირებითაც პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და მოიწონა უმრავლესობის გადაწყვეტილება.

"პრემიერ-მინისტრმა უმრავლესობის გადაწყვეტილება მოიწონა, რომ ჩვენ მხარი დავუჭირეთ პრეზიდენტის შენიშვნებს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, დაახლოებით ორკვირიანი სამართლებრივი ვაკუუმი შეიქმნებოდა, რაც აშიშვლებდა უსაფრთხოების ველს. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად პრეზიდენტის წინადადებას არ მოვიწონებდი, ამ შემთხვევაში ჩვენ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ", - განაცხადა სესიაშვილმა.

დეპუტატის ინფორმაციით, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების საკითხზე საუბარი არ ყოფილა. 16.00 საათზე "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უკვე კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომა უნდა დაიწყოს.