პარლამენტში გიორგი ბარამიძის გამოსვლას ხმაური მოჰყვა

პარლამენტში გიორგი ბარამიძის გამოსვლას ხმაური მოჰყვა

ხმაური მოჰყვა პარლამენტში საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატ გიორგი ბარამიძის გამოსვლას, რომელიც პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებულ კანონთან დაკავშირებით მოხსენებას აკეთებდა.

ბარამიძის განმარტებით, დღევანდელმა ხელისუფლებამ ვერაფერი გააკეთა იმისთვის, რომ უკანონო მოსმენებთან დაკავშირებული პრობლემა მოეგვარებინა.

"თავის მოკატუნება არ არის საჭირო იმასთან დაკავშირებით, თუ რა ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს პრეზიდენტმაDდა თურმე მხოლოდ თარიღთან დაკავშირებით გაქვთ უმრავლეობას დისკომფორტი. თქვენ აქ თავგამოდებით ლაპარაკობდით იმაზე, თუ რატომ უნდა გადაიდოს ეს საკითხი. მაგრამ მთავარი არგუმენტია ის, რომ ეს არის თქვენი უნიათობა, რომ თქვენს მიერ შექმნილმა კომისიამ ორი წინადადება ვერ დაწერა და ეს ისედაც იცის საზოგადოებამ. მეორე არგუმენტი თურმე ეროვნული უშიშროება ყოფილა და უსუფაშვილი, რომ გაწიწმატებული მაწყვეტინებს საუბარს, შეგახსენებთ ერთ რამესაც, რომელიც ჩვენი ხელისუფლების დროს არ მომხდარა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იყო უკანონო მოსმენების ქვეშ ცხრა წლის განმავლობაში კი არა, ახლაც, ამ მთავრობის დროს. საქართველოს თავდაცვის მინისტრი უკანონო მოსმენების ქვეშ ცხრა წლის განმავლობაში იყო და არის ახლაც. ყველა ინფორმაცია გახდა ხელმისაწვდომი პრესისთვის. ეს არის თქვენი უშიშროება, რომელიც ხედავთ რა მდგომარეობაშიც ჩააგდეთ. უმძიმესია, როცა ეს მასალები პრესაში ჩნდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ კენჭი ვუყაროთ და მივიღოთ ეს ვეტო, რადგან თქვენ გაანადგურეთ ქვეყნის უშიშროება", - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას გიორგი ბარამიძემ.

ბარამიძის გამოსვლას დარბაზში უმრავლესობის დეპუტატების პროტესტი მოჰყვა. მათ გია ბარამიძეს სიტყვა რამდენჯერმე შეაწყვეტინეს, რასაც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც გამოეხმაურა.

"მანდატურებს ვთხოვ, დარბაზში სიჩუმე იყოს და გაიყვანონ ფრიდონ საყვარელიძე დარბაზიდან. ბარამიძემ კი თავისი გამოსვლა გააგრძელოს. კარგად ვხედავთ, რას უკავშირდება და რისკენ არის მიმართული მისი ეს გამოსვლა", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.