"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მტკიცებით, უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას იმის გამო არ აპირებს, რომ მას სათანადო – 76 ხმა დღევანდელ სხდომაზე არ აქვს .
შესაბამისი განცხადებები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა აკაკი მინაშვილმა და გიორგი თედორაძემ გააკეთეს.
მათი თქმით, იმის გამო, რომ დღეს იმ 76 დეპუტატის შეკრება ვერ მოხერხდა, ვინც პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას დაუჭერდა მხარს, მმართველმა გუნდმა "ასეთ რადიკალურ პოზიციაზე" უარი თქვა.
პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას 76 ხმა სჭირდება, მის მიერ შეთავაზებული კანონპროექტის მისაღებად კი საკმარისია დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არა ნაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა ანუ 50 ხმა.
მმართველი კოალიცია "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებული შენიშვნების და მისი საკანონმდებლო შეთავაზების გაზიარებას აპირებს. მას მხარს უჭერს "ნაციონალური მოძრაობაც".