აუცილებელია პრემიერმა ღირსეულად გადაიტანოს დარტყმა და სამაგიეროს გადახდაზე არ იფიქროს

აუცილებელია პრემიერმა ღირსეულად გადაიტანოს დარტყმა და სამაგიეროს გადახდაზე არ იფიქროს

აუცილებელია ირაკლი ღარიბაშვილმა ღირსეულად გადაიტანოს დარტყმა, რომელიც მიიღო და არ იფიქროს სამაგიეროს გადახდაზე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებულ კანონპროექტსა და მის ალტერნატიულ ვარიანტს განიხილავენ.

ირმა ნადირაშვილის განმარტებით, პრემიერ-მინისტრისთვის დღევანდელი დღე გაკვეთილი უნდა იყოს. "ის, პროცესები, რომლებიც ახლა მიმდინარეობს ამ დარბაზში, არის დადებითი მოვლენა. რაც მთავარია, მინდა, რომ დღევანდელი დღიდან ძალიან ბევრმა ადამიანმა გააკეთოს დასკვნები, მათ შორის, პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნდა მიიღოს დღევანდელი დღისგან გაკვეთილი და გაითვალისწინოს, რომ როცა საზოგადოებაში საკითხის ირგვლივ არსებობს სრული კონსენსუსი, როცა მისი საპარლამენტო უმრავლესობა თემის მიმართ არ არის ერთიანი, როცა არასამთავრობო სექტორი, ოპოზიცია, საზოგადოება საკითხის ერთგვარად გადაწყვეტას მოითხოვს, ასეთი კატეგორიული ტონით საუბარი არ არის მიღებული. ალბათ, ირაკლი ღარიბაშვილი დაინახავს, რომ ასეთ კატეგორიულ ტონს არ მოჰყვება კარგი შედეგები და მოჰყვება ის, რაც დღეს ხდება ამ დარბაზში.

აუცილებელია პრემიერ-მინისტრმა ღირსეულად გადაიტანოს დარტყმა, რომელიც მიიღო და არ იფიქროს სამაგიეროს გადახდასა და ახალი ადამიანების დაჭერაზე, თუნდაც თავისივე პოლიტიკურ ჯფუფში. მან არ უნდა მიიღოს ეს პირად შეურაცხყოფად", - განაცხადა ნადირაშვილმა.

დეპუტატი დარწმუნებულია, რომ ე.წ. გასაღებთან დაკავშირებით პარლამენტი სრულოფასოვანი კანონის მიღებას პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ ვადაში შეძლებს.

"ნაციონალური მოძრაობა" დღევანდელ კენჭისყრაზე ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს და შენიშვნებს მხარს დაუჭერს.