მთავრობა ორიენტირებულია, ჩამოაყალიბოს ევროპული სტანდარტის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მექანიზმი

მთავრობა ორიენტირებულია, ჩამოაყალიბოს ევროპული სტანდარტის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მექანიზმი

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის, შალვა თადუმაძის განცხადებით, მთავრობის პოზიცია ცნობილია ე.წ. მოსმენების საკითხზე კანონპროექტთან დაკავშირებით და თვეების მანძილზე მიმდინარეობდა ინტენსიური მუშაობა აღნიშნული კანონმდებლობის დახვეწის მიზნით.

როგორც შალვა თადუმაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სწორედ მთავრობის ინიციატივით მოხდა, რომ მონიტორინგის მექანიზმი ევროპულ სტანდარტებზე იქნა მიყვანილი.

"ჩვენს მიერ იქნა ინიცირებული პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის შესახებ კანონი, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროპის დირექტივებთან უფლებამოსილების გაზრდასთან დაკავშირებით, მოსმენებთან, ზოგადად ოპერატიულ სამძებრო საქმიანობასთან, საპარლამენტო კონტროლის გაზრდასთან დაკავშირებით. პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის უფლება გაიზარდა როგორც მონიტორინგის კუთხით, ასევე ანგარიშვალდებულების კუთხით და ის სწორედ შეესაბამება ევროპულ მოთხოვნებს", - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

მისივე თქმით, მთავრობა ორიენტირებულია ერთი მხრივ ჩამოაყალიბოს ევროპული სტანდარტის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მექანიზმი და მეორე მხრივ შექმნას და პრინციპში შეიძლება ითქვას, უკვე შექმნა ევროპული სტანდარტის მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც სრულად არის ასახული პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის უფლებამოსილებებში.