31 ოქტომბერს სასჯელაღსრულების N5 ქალთა დაწესებულებაში სამკერვალო საწარმო გაიხსნა. საწარმოში ის 25 მსჯავრდებული დასაქმდა, რომლებმაც დაწესებულებაში ჭრა-კერვის პროფესიული კურსები გაიარეს და მკერავის პროფესიას დაეუფლნენ.
სამკერვალო საწარმო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „პატიმარ, პრობაციონერ და ყოფილ მსჯავრდებულ ქალთა რეინტეგრაციის ხელშეწყობა კანონმორჩილი ცხოვრებისათვის“ ფარგლებში, ასოციაცია „ქალი და ბიზნესი“-ს ხელშეწყობით გაიხსნა.
სამკერვალოს გახსნამდე მსჯავრდებულმა ქალებმა სტუმრებს საკუთარი სცენარითა და რეჟისურით დადგმული სპექტაკლი „იტალიური ეზო“ წარუდგინეს. მასშტაბური სცენა და დეკორაციები საცხოვრებელ კორპუსში განთავსდა და წარმოდგენაში მსჯავრდებულთა უპრეცედენტო რაოდენობა ჩაერთო.
„თქვენ თავად ხედავთ, რომ დღეს სასჯელაღსრულების N5 დაწესებულებაში მსჯავრდებულების რეაბილიტაციისა და დასაქმების ახალი შესაძლებლობები გაჩნდა. წარმატებული სარეაბილიტაციო პროგრამების შედეგია დღეს წარმოდგენილი არაჩვეულებრივი სპექტაკლი, რომლის სცენარი და რეჟისურაც თავად მსჯავრდებულებს ეკუთვნით. რესოციალიზაციის მიმართულებით წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია დაწესებულებაში გახსნილი სამკერვალო, სადაც უკვე 25 მსჯავრდებული ქალბატონია დასაქმებული. ესაა სახელმწიფოსა და არასამთავრობო სექტორის წარმატებული ურთიერთანამშრომლობის ნათელი მაგალითი. ვფიქრობ, პატიმართა ასეთი სახით რეალიზება დანაშაულის პრევენციის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა“ - განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.
ღონისძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი, ევროკავშირის, არასამთავრობოებისა და თეატრალური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.