ბიურომ დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა საქართველოს პრეზიდენტის მიმართვაზე პარლამენტის მიერ 2014 წლის 30 ოქტომბერს მიღებული და ხელმოსაწერად წარდგენილი კანონპროექტის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" შენიშვნებით დაბრუნების თაობაზე.
პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტს ვეტო დაადო.
„საქართველოს პრეზიდენტმა ისარგებლა კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებით და პარლამენტის მიერ გუშინ მიღებულ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტს ვეტო დაადო. ასეთ შემთხვევაში, პრეზიდენტი მიუთითებს ხოლმე იმ მიზეზებზე, რის გამოც მან ამ უფლებით ისარგებლა და ასევე პარლამენტს სთავაზობს თავის ალტერნატიულ მოსაზრებებს. თავად ვეტოს არსი მდგომარეობს იმაში, რომ პრეზიდენტი განსხვავებულ პოზიციაზეა საკითხის გადავადებასთან დაკავშირებით. ის რომ იგი გადასავადებელია, ამაში გვეთანმდება, მაგრამ უნდა გადავადდეს ოთხი თვით თუ ერთი თვით, ამაშია განსხვავება და ესაა საკითხი, რომელზეც ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ. პროცედურების თანახმად, ვეტოს შემთხვევაში პარლამენტი მსჯელობს პრეზიდენტის მოსაზრებებზე და შემდგომ უკვე კენჭი ეყრება პირველ რიგში პრეზიდენტის შენიშვნებს. თუ იგი არ იქნა გაზიარებული, შემდეგ კენჭი ეყრება პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტის თავდაპირველ ვერსიას და პრეზიდენტის ვეტო დაძლეულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის წევრთა შემადგენლობის ნახევარზე მეტი, ჩვენს შემთხვევაში, პარლამენტის 76 წევრი," - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ბიუროს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ საკითხს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღესვე განიხილავს საკომიტეტო სხდომაზე.