ვახტანგ ხმალაძე დეპუტატებს პრეზიდენტის შენიშვნების გაზიარებას ურჩევს

ვახტანგ ხმალაძე დეპუტატებს პრეზიდენტის შენიშვნების გაზიარებას ურჩევს

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე კოლეგებს ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის შენიშვნების მხარდაჭერას ურჩევს. შესაბამისი განცხადება ხმალაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც შესაბამის კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს საკითხი განიხილება.

"ძალიან რთულად მიმაჩნია ერთ თვეში ყველაფრის დასრულება. მოგეხსენებათ, რომ ნოემბრის მეოთხე კვირაა პლენარული სხდომების კვირა, რაც ნიშნავს, რომ წინა კვირის ხუთშაბათს უკვე უნდა იყოს ინიცირებული კანონპროექტი. ეს დრო გვაქვს ჩვენ - ე.ი ნოემბრის მესამე კვირის ხუთშაბამდე უნდა დაიდოს მაგიდაზე კანონპროექტი. ეს არის ძალიან რთული ამოცანა, მაგრამ ამ წუთას მე სხვა შესაძლებლობას ვერ ვხედავ გარდა იმისა, რომ გავიზიაროთ პრეზიდენტის შენიშვნები, რადგან ალტერნატივა ასეთია, ან ვიზიარებთ პრეზიდენტის შენიშვნებს, ან არ ვეთანხმებით. თუ არ ვეთანხმებით ან ვეტო უნდა დაიძლიოს, ან საერთოდ უნდა ჩავარდეს ამის მიღება. ეს ყოველივე გამოიწვევს იმას, რომ კანონის დროებითი ნორმები გაუქმდება და შეიქნება გარკვეული, რბილად თუ ვთქვათ, საკანონმდებლო ვაკუუმი. ამიტომ მე მინდა შემოგთავაზოთ, რომ მხარი დაუჭიროთ პრეზიდენტის შენიშვნებს", - მიმართა ხმალაძემ კოლეგებს.

პრეზიდენტმა პარლამენტს 4 შენიშვნით მიმართა, რომელთა შორის ერთ-ერთი არის ის, რომ მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ 1 დეკემბრამდე მიიღოს.