კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი სულხან მოლაშვილი სავარაუდოდ კონკრეტული პირების სამართლებრივ პასუხისმგებლობას მოითხოვს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა განუცხადა, კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სავარაუდოდ საქართველოში საჩივარს კონკრეტული პირების წინააღმდეგ შეიტანს.
"რა თქმა უნდა კონკრეტული პირების პასუხისმგებლობას მოითხოვს. დაზუსტებით ვერ გეტყვით, მაგრამ ალბათ შეიტანს საჩივარს", - აღნიშნა თორნიკე მოლაშვილმა.
კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი საპატიმროს დატოვების შემდეგ, საკუთარი წამების ფაქტებზე საუბრობდა და აცხადებდა, რომ მის წამებაში უშუალოდ გიგა ბოკერია, ზურაბ ადეიშვილი და გოგა გრიგალაშვილი მონაწილეობდნენ.
როგორც მოლაშვილი იხსენებდა, დაკავების პირველივე ღამეს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გიგა ბოკერია და ზურაბ ადეიშვილი სასურველი აღიარებითი ჩვენების მიცემის მოთხოვნით წამების საშინელი მეთოდებით გაუსწორდნენ.
"როდესაც დაჭერები დაიწყო, მე არ გავქცეულვარ, სამართალდაცვის ორგანოებში მივედი და პირველივე ღამეს მოხდა ჩემი წამება. ოთახში ბნელოდა, თვალი მქონდა ახვეული, მაგრამ კარგად გავარჩიე, თუ ვინ მონაწილეობდა ჩემს წამებაში. ისინი იყვნენ: გიგა ბოკერია, ზურაბ ადეიშვილი, გოგა გრიგალაშვილი და სხვები. არყით გაჟღენთილი, მთვრალი დამქაშები და სპეციალისტები ადამიანის წამებისა, რომლებიც ელექტროშოკით და სიგარეტის დაწვით იმთავითვე ასიამოვნებდნენ მიხეილ სააკაშვილს. როდესაც ვეკითხებოდი, რომელი საქმის გახსნა სურდათ, მეუბნებოდნენ, რომ მხოლოდ ერთი წინადადება დამეწერა, რომ სააკაშვილის იუსტიციის მინისტრობის პერიოდში, საკრებულოდან მოპარვა თითქოს შევარდნაძის პერიოდში განხორციელდა. როდესაც უარი მიიღეს, მაწამეს", - აცხადებდა სულხან მოლაშვილი 2012 წელს, ერთ-ერთ ინტერვიუში.
სტრასბურგის სასამართლომ სულხან მოლაშვილის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოიტანა და კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი ევროპული კონვენციის 4 მუხლით გაამართლა.
საქართველოს მთავრობას სულხან მოლაშვილისთვის 3 თვის ვადაში 20 ათასი ევროს ოდენობით კომპენსაციის გადახდა და 1 წლის ვადაში საქმის გამოძიება დაევალა.
როგორც სულხან მოლაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება ათწლიანი ბრძოლის შედეგია.
"ეს გადაწყვეტილება არის ათწლიანი ლოდინის, ათწლიანი ბრძოლის შედეგი, რომელსაც სულმოუთქმელად ველოდით. ეს არის დასტური "ნაციონალური მოძრაობის" სისხლისმსმელი რეჟიმის უტყუარი არსებობისა, "ნაციონალური მოძრაობის" მესვეურების მიერ წარმოებული პოლიტიკისა, ამ უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში. ეს არის მაგალითი, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება და როგორ არ უნდა გააუბედურონ ოჯახები და როგორ არ უნდა გაამწარონ ადამიანთა სიცოცხლე", - აღნიშნა სულხან მოლაშვილმა, რომელიც ახლა საფრანგეთში იმყოფება და საქართველოში დაბრუნებას ნოემბრის ბოლოსთვის აპირებს.