"შვეიცარიას აქვს სრული ნდობა ირაკლი ალასანიას საქმიანობისადმი"

შვეიცარია დარწმუნებულია, რომ თავდაცვის მინისტრის გუნდი მზადაა, კეთილსინდისიერად ითანამშრომლოს გამოძიებასთან, რომელიც საჯარო ფინანსების სავარაუდო გაფლანგვას უკავშირდება.

შვეიცარიის საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, საქართველო და შვეიცარია მჭიდროდ თანამშრომლობენ, რათა ხელი შეუწყონ ადამიანთა უფლებების დაცვას, დემოკრატიულ და მდგრად ეკონომიკურ განვითარებას, ქვეყანაში მშვიდობასა და მის უსაფრთხოებას.

პოლიტიკური სტაბილურობა და კორუფციასთან ბრძოლა საზოგადოების ყველა დონეზე და ყველა სფეროში არის ძალზედ მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ქვეყანა ღირსეულად გაუმკლავდეს მის წინაშე არსებულ გამოწვევებს. შვეიცარია მიესალმება სანდო და სარწმუნო გამოძიებას, რომელიც უკავშირდება სავარაუდო კორუფციასა და საჯარო ფინანსების გაფლანგვას. ასეთი გამოძიებები, ყველა შემთხვევაში უნდა იყოს სრულად განჭვირვალე, დაფუძნებული ჯანსაღ პროცესზე. ის უნდა ექვემდებარებოდეს სამართლის ნორმებს და უნდა წარიმართოს უმაღლესი სტანდარტებთან შესაბამისობაში უფლებამოსილებების დაყოფის თვალსაზრისით. შვეიცარიას აქვს სრული ნდობა თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას საქმიანობის მიმართ და ღრმად არის დარწმუნებული, რომ მისი გუნდი შეძლებს ნაყოფიერად და კეთილსინდისიერად ითანამშრომლოს გამოძიებასთან",-ნათქვამია განცხადებაში.

მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები რამდენიმე დღის წინ დააკავა. უწყების ინფორმაციით, მათ  სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 მილიონ 102 ათას 872 ლარის გაფლანგვა ედებათ ბრალად.