საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, მას იმედი ჰქონდა, რომ გუშინ „პრეზიდენტის აპარატი და მისი მრჩევლები საპარლამენტო სხდომის დროს გამოთქმულ მოსაზრებებს გულდასმით მოუსმენდნენ“
"სიმართლე გითხრათ, მართლა არ ველოდი და გამიკვირდა კიდეც იმიტომ, რომ იმედი მქონდა, რომ გუშინ პრეზიდენტის აპარატი და ის ადამიანები, რომლებიც მას რჩევას აძლევენ, ანუ მისი მრჩეველები, გუშინ გულდასმით მოუსმენდნენ საპარლამენტო სხდომის დროს გამოთქმულ მოსაზრებებს, იმ მიმართვებს, რომელიც თუნდაც პრეზიდენტის მისამართით იყო გაჟღერებული და პრეზიდენტი კონსტიტუციით მინიჭებულ ამ უფლებას არ გამოიყენებდა. ჩვენ მხოლოდ ერთ რამეზე ვსაუბრობდით გუშინ, რომ ის ვადები, რომელიც პირველი აგვისტოდან ნოემბრამდე არსებობდა, არ იყო საკმარისი ამ კანონის დახვეწისთვის. საკმაოდ რთული თემაა და ასეთი ინტერესი სწორედ ხაზს უსვამს, რომ ამას დიდი დაფიქრება სჭირდება და ვითხოვდით, ვადის გადაწევას, თუმცა ამ ვეტომ ერთის მხრივ, გამაკვირვა. ის, რომ ბატონ პრეზიდენტს მხოლოდ ვადასთან დაკავშირებით აქვს შენიშვნა - ის ამბობს, რომ 1 დეკემბრამდე მივიღოთ კანონი, გამიკვირდა იმ მხრივაც, რომ თუ საპრეზიდენტო აპარატში ვადის პრობლემა ჰქონდათ, მაშინ 3 დღის წინაც პრეზიდენტთან ხმალაძისა და შავგულიძის შეხვედრა გაიმართა და ეს თარიღი შეიძლებოდა გაჟღერებულიყო და ამაზე კანონის მიღებამდე გვესაუბრა. სამწუხაროდ, ვადასთან დაკავშირებით თემა არ გაჟღერებულა და მხოლოდ დღეს გავიგეთ. მეორე ის, რომ ჩვენ ვამბობდით, რომ ამ კანონის იდეალურამდე მისაახლოვებლად ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი ერთის მხრივ და მეორე, რომ დეკემბერში იმართება კონფერენცია, რომელიც ევროგაერთიანების ქვეყნებს მისცემს საშუალებას, რომ სინქრონიზაციაში მოიყვანონ მთლიანად ეს კანონმდებლობა და ევროპამ გარკვეული რეგულაციები დააწესოს და ჩვენ გვინდოდა, რომ მათი რეგულაციები მოგვესმინა, მათი რჩევები მოგვესმინა და გარკვეულად ჩვენც ჩავრთულიყავით“, - განაცხადა საგანელიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.
მისივე თქმით, ახალი კანონმდებლობით ვეტოს დაძლევად არა 91, არამედ 76 ხმაა საჭირო, ამიტომ საგანელიძის თქმით, სრული მობილიზაციის შემთხვევაში ამის გაკეთება შესაძლებელია, რადგან უმრავლესობას არა 76, არამედ ბევრად მეტი ხმა აქვს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "ელექტრონული კომუნიკაცების შესახებ" კანონპროექტს, რომელიც პარლამენტმა გუშინ დაამტკიცა, ვეტო დაადო.
ამასთან, პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საკანონმდებლო ორგანო მის პოზიციას გაიზიარებს.