"ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მობილურ ოპერატორებთან მოსასმენი აპარატურა გაორმაგდა და გასამმაგდა , - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გიორგი ვაშაძე საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტზე ვეტოს დადების საკითხს გამოეხმაურა. ვაშაკიძის თქმით, კარგია, რომ პრეზიდენტმა პრინციპულობა გამოიჩინა, რასაც ითხოვდნენ "ნაციონალური მოძრაობა" და არასამთავრობო ორგანიზაციები. მისივე თქმით, ეს პრინციპულობა პარლამენტის უმრავლესობამ ვერ გამოიჩინა.
"ივანიშვილ-ღარიბაშვილს არ გამოუვიდათ ის, რაც უნდოდათ. მათ უნდოდათ მოუსმინონ ყველას. ეს თემა ყველაზე პრობლემური თემა იყო საქართველოში და კარგია, რომ არის შესაძლებლობები ერთხელ და სამუდამოდ ეს თემა დაიხუროს, დარეგულირდეს ისე, რომ ჩვენს ტელეფონებს არ უსმენდნენ. "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მობილური ოპერატორებთან შესაბამისი მოსასმენი აპარატურა გაორმაგდა და გასამმაგდა. ამის შესახებ განცხადება თავად მობილური ოპერატორების მხრიდანაც იყო და ეს დასტურდებოდა", - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
მისივე თქმით, ღარიბაშვილსა და ივანიშვილს სურთ ხელიდან არა გაუშვან ეს მექანიზმი. იგი დარწმუნებულია, რომ ყველას ტელეფონს უსმენენ, ერთადერთი პრობლემა აქვთ "ვაიბერთან" დაკავშირებით.
"დაქირავებული ჰყავთ სპეციალისტები, მაგრამ ჯერ ვერაფრით ვერ გატეხეს "ვაიბერი", რომ ყველას მოუსმინონ, ამაზე ძალიან ნერვიულობენ", - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
მისივე თქმით, ახლა პარლამენტზე ბევრი არის დამოკიდებული, დაეთანხმება თუ არა პრეზიდენტის ვეტოს.