გამოძიებამ და პროკურატურამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ გაიგოს, დამნაშავეები არიან თუ არა თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნები, - ამის შესახებ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, უილიამ ლაჰიუმ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. უილიამ ლაჰიუს თქმით, აღნიშნული საქმის შეფასებისას სიფრთხილე აუცილებელია. ლაჰიუმ დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების საქმეც გაიხსენა.
"ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ამ საქმის შეფასებისას, რადგან ეს თანამდებობის პირები ბრალის დამტკიცებამდე უდანაშაულოდ უნდა მიგვაჩნდეს. მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობის მიხედვით მოქმედება. როგორც ვნახეთ, წარსულში მსგავსი გამოძიება ბრალის მისჯით არ დაგვირგვინებულა. მსურს, გავიხსენო სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმე, რომელიც ძალიან ჰგავს ამჟამინდელ საქმეს. ცხადია, გამოძიებამ და პროკურატურამ უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ გაიგოს, დამნაშავეები არიან თუ არა ეს ადამიანები. თუმცა, მნიშვნელოვანია იმის დაშვება, რომ ეს ადამიანები უდანაშაულოებად ითვლებიან ბრალის დამტკიცებამდე. ეს კი მოსამართლემ უნდა გააკეთოს. სამწუხაროდ, სასამართლოს თქვენეული კულტურა და ტრადიცია საშუალებას აძლევს პროკურატურას, საქმე აღძრას ძალიან მცირე მიზეზთა და ფაქტთა საფუძველზე. თუმცა, ვერაფერს ვიტყვი თავდაცვის სამინისტროზე, რომელიც ისე მოქმედებს, როგორც საჭიროა, თუმცა, მთავარია, როგორ მოქმედებს პროკურატურა, რომელზეც დამოკიდებულია, დამტკიცდება თუ არა სახელმწიფო მოხელეთა ბრალეულობა",-განაცხადა უილიამ ლაჰიუმ.
შესყიდვების საქმეზე დაკავებულ თავდაცვის სამინისტროს ხუთ მაღალჩინოსანს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
მათ ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.
დაკავებული არიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.
აღნიშნულ პირებს ბრალი წარედგინათ სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, რაც სახელმწიფო ქონების უკანონოდ გაფლანგვასა და მითვისებას გულისხმობს.