საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ე.წ. გასაღებთან დაკავშირებულ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად "გონივრულ ვადად" არაუგვიანეს 2014 წლის 1-ელ დეკემბერს ასახელებს.
ამის შესახებ ნათქვამია პრეზიდენტის მიერ პარლამენტისადმი გაგზავნილ წერილში, სადაც საკანონმდებლო ორგანოს "ელექტროული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონში გუშინ განხორციელებულ ცვლილებზე ვეტოს დადების მიზეზებს განმარტავს.
"საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, და იმის გათვალისწინებითაც, რომ გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა და მომზადებულ იქნა საექსპერტო დასკვნები ევროპელი სპეციალისტების მიერ, სადაც დაფიქსირებულია უარყოფითი დამოკიდებულება ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიების მეშვეობით განხორციელებულ კომუნიკაციასთან სამართალდამცავი ორგანოების პირდაპირ წვდომასთან მიმართებით, ხსენებულ თემაზე მომზადდა საკანონდებლო წინადადებები, "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონით (#2637-რს) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ინფორმაციის საიდუმლოების დაცვისათვის დადგენილი რეგულაციების სრულფასოვანი ამოქმედებისათვის წესის შესამუშავებლად მიზანშეწონილად მიგვაჩნია განისაზღვროს გონივრული ვადა - არა უგვიანეს 2014 წლის 1 დეკემბრისა", - ნათქვამია პრეზიდენტის წერილში.
ამასთან, გიორგი მარგველაშვილის განმარტებით, ახალი რეგულაციების მიღების ვადის 2014 წლის 1 დეკემბრამდე განსაზღვრის შემთხვევაში, მათი ამოქმედებაც ასევე უნდა განხორციელდეს გონივრულ ვადებში.