2014 წლის 1-ლი ნოემბრიდან ე.წ. გასაღებით სარგებლობის უფლება სამართალდამცველებს არ ექნებათ, ხოლო ახალი სისტემა არ არსებობს, შესაბამისად, ვეტოს დაძლევამდე ქვეყანაში სამარათალდამცველი და საგამოძიებო საქმიანობის სერიოზული პარალიზება მოხდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებების ინიციატორმა შალვა შავგულიძემ განუცხადა.
"ხვალიდან მოხდება შემდეგი: სამართალდამცველ ორგანოებს აღარ ექნებათ უფლება, მოახდინონ კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის შენახვა, რასაც ისინი ახდენენ დღეს. ამისი უფლება მიეცემათ კომპანიებს, მაგრამ კომპანიები არ არიან აღჭურვილი იმისათვის, რომ ეს ფუნქცია შეასრულონ. ჩვენ გამოვიკვლიეთ ეს, მივმართეთ კომპანიებს, გვაქვს ოფიციალური წერილები მათგან, რომ ამის განხორციელება დღეს არ შეუძლიათ, ხოლო მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის შენახვა არის აუცილებელი საგამოძიებო საქმიანობისთვის. საკითხი ეხება იმას, თუ ვინ ვის დაუკავშირდა ტელეფონით თუ ინტერნეტით, დროის რა მონაკვეთში და ა.შ. ანუ ამ მხრივ საგამოძიებო ორგანოები ვეღარ შეასრულებენ ამ მოქმედებას, კომპანიებს ამის შესრულების შესაძლებლობა არ გააჩნიათ და მივიღებთ ვაკუუმს, ანუ ეს იქნება ამ კუთხით სერიოზული პარალიზება საგამოძიებო სამართალდამცავი საქმიანობის. მეორე, რაც შეეხება ფარულ ღონისძიებებს და ფარულ მიყურადება-მოსმენებს, ანუ "გასაღების" თემას – ე.წ. გასაღებით სარგებლობის უფლება 1-ლი ნოემბრიდან აღარ ექნებათ სამართალდამცველებს, ხოლო ახალი სისტემა არც სამართლებრივად და არც ტექნიკურად შექმნილი არ არსებობს, ე.ი. ასეთი ფარული საგამოძიებო ღონისძიებები ან არ უნდა განხორციელდეს ან თუ განხორციელდება ეს იქნება უკანონო. ასეთი სერიოზული პარალიზება მოხდება სამარათალდამცველი და საგამოძიებო საქმიანობის ჩვენს ქვეყანაში, ვიდრე ან არ დაიძლევა ეს ვეტო და შესაბამისად არ ამოქმედდება ის კანონი, რომელიც მირებულ იქნა გუშინ ან არ იქნება მიღებული ახალი რეგულაციები", - განაცხადა შალვა შავგულიძემ.
მისივე აზრით, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ახლა ის იქნება, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ვეტოს დაძლევა.
"ეს შეამცირებს დროს, რა დროშიც იქნება პარალიზებული საგამოძიებო საქმიანობა საქართველოში. ეს მოხდება, მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ იყოს მოკლე დროით და ვინ მხარს დაუჭერს ვეტოს დაძლევას და ვინ არა, ეს თითოეული ადამიანის ბიოგრაფიის ნაწილი იქნება", - დასძინა შავგულიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში განხორციელებულ ცვლილებებს ვეტო დაადო.