"თავისუფალმა დემოკრატებმა" გუშინ კენჭისყრისას კანონპროექტს მხარი არ დავუჭირეთ და არც ახლა ვუჭერთ მხარს", - ასე შეაფასა ვიქტორ დოლიძემ პრეზიდენტის მიერ "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში ცვლილებებზე ვეტოს დადების საკითხი.
როგორც დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მნიშვნელოვანია, ქვეყანაში მოსმენებთან დაკავშირებით არსებული პრობლემები, ერთხელ და სამუდამოდ, დასრულდეს.
,,მიმაჩნია, რომ ეს პროცესი უნდა წარიმართოს მაქსიმალურად გამჭვირვალედ, შემჭიდროვებულ ვადებში და გონივრულად, იმიტომ, რომ ის ეპოქალური ცვლილება რომელიც შეეხება ამ მოსმენებს, თვალთვალს, ერთხელ და სამუდამოდ, წერტილი უნდა დაესვას", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "ელექტრონული კომუნიკაცების შესახებ" კანონპროექტს, რომელიც პარლამენტმა გუშინ დაამტკიცა, ვეტო დაადო.
"მოვუწოდებ პარლამენტს, რაც შეიძლება მალე მიიღოს ეს კანონი. მთავარია აღადგინოს ნდობა, აღადგინოს ნდობა სახელმწიფოს, აღმასრულებლსა და საზოგადოებას შორის. ნებისმიერი კრიმინოგენული საკითხების გადალახვა ხდება საზოგადოების მაქსიმალურ ნდობით და ჩართულობით. უნდა ჩავრთოთ საზოგადოება აქტიურ დიალოგში და ამით გადაიჭრება ყველა ის პრობლემა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. უნდა აღდგეს ნდობა და ეს უნდა დავიწყოთ პოლიტიკოსებმა. შესაბამისად, ამ არგუმენტაციით ვადებ ამ კანონს ვეტოს და იმედი მაქვს, პარლამენტი გაიზიარებს ჩემს პოზიციას", - განაცხადა პრეზიდენტმა.