გიორგი მარგველაშვილი:   იმედი მაქვს, პარლამენტი ჩემს პოზიციას გაიზიარებს

გიორგი მარგველაშვილი: იმედი მაქვს, პარლამენტი ჩემს პოზიციას გაიზიარებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე მიიღოს "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში ცვლილებები.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მან "ელექტრონული კომუნიკაცების შესახებ" კანონპროექტს, რომელიც პარლამენტმა გუშინ დაამტკიცა, ვეტო დაადო.

"ეს გადაწყვეტილება განპირობებულია რამდენიმე მიზეზით - პირველი, იმიტომ რომ საზოგადოებაში არის მტკიცე კონსენსუსი, რომ ამ საკითხზე პოზიცია უნდა იყოს ჩამოყალიბებული და ჩვენ უნდა გადავიდეთ დემოკრატიულ ფორმაზე. მე დავიბადე საბჭოთა კავშირში, სადაც ვიცოდი, რომ ჩვენ გვისმენდა კაგებე, ამითი გავიზარდე. შემდეგ მე ვცხოვრობდი პოსტსაბჭოთა საქართველოში, რომელშიც სახელმწიფოს გაძლიერების სიმბოლოდ სააკაშვილის რეჟიმმა აიღო უკანონო მოსმენები და შემდეგ ჩვენ ყველამ ერთად ამ რეჟიმს გამოვუტანეთ განაჩენი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ორი წლის თავზე, რაზეც მთელი საზოგადოება შეთანხმებულია და არის კონსენსუსი უნდა დავაყენოთ კანონის ფორმაში", - განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტი მიესალმება საზოგადოების ჩართულობას და აცხადებს, რომ აღნიშნულ კანონზე მუშაობა 2012 წელს დაიწყო.

"მივესალმები იმ კანონს, რომელიც მიღებული იყო აგვისტოში. თუმცა, ბევრი დეტალი ამ კანონისა არ დარეგულირებულა, უმნიშვნელოვანესი თემები გადადო დღევანდელი დღისთვის. ამას მოყვა კიდევ ერთხელ 1 ნოემბრიდან გადადება კიდევ რაღაც დროით, ეს ტენდენცია არის ჩვენს ახალ პარლამენტში და მე მიმაჩნია, რომ ეს ტენდენცია გონივრულ რეჟიმში იქნა გადატანილი და უნდა ვიღებდეთ იმ კანონებს, რომელზეც არის კონსენსუსი საზოგადოებასა და პოლიტიკურ ელიტაშიც. შესაბამისად, ის კანონები, რაც უკავშირდება ადამიანს უფლებებს, უსწრაფეს ვადაში უნდა იყოს მიღებული. ამდენად, მე მოვუწოდებ პარლამენტს, რაც შეიძლება მალე მიიღოს ეს კანონი. მთავარია აღადგინოს ნდობა, აღადგინოს ნდობა სახელმწიფოს, აღმასრულებლსა და საზოგადოებას შორის. ნებისმიერი კრიმინოგენული საკითხების გადალახვა ხდება საზოგადოების მაქსიმალურ ნდობით და ჩართულობით. უნდა ჩავრთოთ საზოგადოება აქტიურ დიალოგში და ამით გადაიჭრება ყველა ის პრობლემა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. უნდა აღდგეს ნდობა და ეს უნდა დავიწყოთ პოლიტიკოსებმა. შესაბამისად, ამ არგუმენტაციით ვადებ ამ კანონს ვეტოს და იმედი მაქვს, პარლამენტი გაიზიარებს ჩემს პოზიციას", - განაცხადა პრეზიდენტმა.