გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელი საქართველოში სიმონე ვოლკენი სოხუმში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ ვიაჩისლავ ჩირიკბას შეხვდა.
სააგენტო "აპსნი.რუს" ინფორმაციით, შეხვედრაზე გალის რაიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული და ჰუმანიტარული საკითხები განიხილეს. სიმონე ვოკენმა შეშფოთება გამოთქვა ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით, რაც ხუთი ე.წ. გადასასვლელის დაკეტვას ითვალისწინებს.
ვიაჩისლავ ჩირიკბამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ არაკორექტულია საკითხის დაყენება ასე, თითქოს ეს "გადაადგილების შეზღუდვაა".
"ქართულ-აფხაზური საზღვრის ქაოტური გადაკვეთა - ეს ის "გადაადგილების თავისუფლება" არ არის, რაზეც საქართველომ და მისმა პარტნიორებმა უნდა ინერვიულონ. დაცული და სრულფასოვანი სახელმწიფო საზღვრის მოწყობა პირიქით, ადამიანის უფლებების, ასევე გალის მოსახლეობის დაცულობას უზრუნველყოფს", - განაცხადა ვიაჩისლავ ჩირიკბამ.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს აფხაზეთში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქმიანობის კონკრეტული საკითხები.