ხმალაძე მიიჩნევს, რომ არასამთავრობოების მოთხოვნა პრეზიდენტმა ვეტო დაადოს კანონპროექტს, არასწორია

ხმალაძე მიიჩნევს, რომ არასამთავრობოების მოთხოვნა პრეზიდენტმა ვეტო დაადოს კანონპროექტს, არასწორია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ არასამთავრობოების მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით , რომ პრეზიდენტმა ვეტო დაადოს "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში განხორციელებულ ცვლილებებს, არასწორია.

როგორც ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ვეტოს დადების შემთხვევაში, მოუწესრიგებელი რჩება რიგი საკითხები, რომელიც გამოძიების პროცესებს პრობლემებს შეუქმნის.

,,მიმაჩნია, რომ არასამთავრობოების მოთხოვნები პრეზიდენტმა ამჯერად არ უნდა გაითვალისწინოს, არა იმიტომ, რომ ზოგადად მათი მოთხოვნა და მიდგომა როგორ უნდა ხორციელდებოდეს ფარული მოსმენა არასწორია, არამედ იმიტომ, რომ ვეტოს დადების შემთხვევაში მოუწესრიგებელი რჩება ის ოპერაციები, რომლებიც აუცილებელია გამოძიების ჩასატარებლად. ჩვენ იმიტომ დავუჭირეთ მხარი ვადის გაგრძელებას, რომ ამ რამდენიმე თვეში იმის გათვალისწინებით თუ როგორ პოლიტიკას განსაზღვრავს ევროკავშირი და ევროსაბჭო დავადგინოთ ისეთი წესი, რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს პირადი მონაცემების დაცვას და მეორე მხრივ, შესაძლებლობას მისცემს სამართალდამცველებს, კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში გამოიყენონ ფარული მოსმენები", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

"ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონით პარლამენტს 1 ნოემბრამდე ჰქონდა ვადა, ფარულ მოსმენებისას პერსონალურ მონაცემებზე წვდომის მექანიზმებთან – ე.წ. გასაღებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ნორმა მიეღო, თუმცა კანონში შეტანილი ცვლილებებით, აღნიშნულმა ვადამ 28 თებერვლამდე გადაიწია.

შს სამინისტროს ოპერატიულ ტექნიკურ დეპარტამენტსაც 28 თებერვლამდე შეუნარჩუნდა კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციის ხაზებიდან და მათი შემაერთებლებიდან, სერვერებიდან, ბაზებიდან, კავშირგაბმულობის ქსელებიდან, კავშირგაბმულობის სხვა საშუალებებიდან ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებობების გამოყენების, სათანადო აპარატურის და ტექნიკური მოწყობილობების განთავსება-მონტაჟის კანონიერი უფლება.