როგორც შეხვედრის ორგანიზებისთვის შექმნილი სამთავრობო კომისიის სხდომაზე აღინიშნა, მასში 34 ქვეყნის ფინანსთა მინისტრები, ბიზნესის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას
კომისიის წევრებმა მიმდინარე საორგანიზაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიაწოდეს. სხდომაზე განიხილეს სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხი, რათა
ქართულმა მხარემ საერთაშორისო დონის შეხვედრას მაღალ დონეზე უმასპინძლოს.
„ასეთი მასშტაბური შეხვედრა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონში არ შემდგარა. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც წინ წამოწევს საქართველოს მიღწევებს ბოლო წლების, ბოლო პერიოდის განმავლობაში. დღეს საინტერესო შეხვედრა გაიმართა, განვიხილეთ საორგანიზაციო საკითხები. ძალიან მადლიერები ვართ იმ ყურადღებისთვის, რასაც საქართველოს ხელისუფლება აღნიშნულ ღონისძიებას უთმობს და დარწმუნებულნი ვართ, ყოველწლიური შეხვედრა მაღალ დონეზე ჩატარდება“, – განაცხადა EBRD-ის კავკასიის, მოლდოვისა და ბელორუსის წარმომადგენლობების დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
თბილისში EBRD-ის 2015 წლის წლიური შეხვედრის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მმართველთა საბჭომ მიიღო. აღნიშნულზე განცხადება EBRD-ის პრეზიდენტმა დავოსში ბიზნესფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის დროს გააკეთა.
კომისიის სხდომას EBRD-ის კავკასიის, მოლდოვისა და ბელორუსის წარმომადგენლობების დირექტორი ბრუნო ბალვანერა, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, მინისტრთა კაბინეტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.