საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პრეზიდენტს "ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ" კანონში განხორციელებული ცვლილებების ხელმოწერისა და გამოქვეყნების თხოვნით მიმართავს. დღევანდელი დღე ის ბოლო ვადაა, როცა პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ გუშინ დამტკიცებულ პროექტს ხელი უნდა მოაწეროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველი ნოემბრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სამსახურებს საკომუნიკაციო კომპანიების ინფორმაციებზე წვდომის უფლება აღარ ექნებათ.
აღნიშნულთან დაკავშირებით უსუფაშვილმა ქვეყნის პირველ პირს გუშინ, პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართა და წუხილი გამოხატა, რომ სახელმწიფოს მეთაურს ამისთვის 24-საათიანი ვადა აქვს.
"მინდა გამოვთქვა წუხილი, რომ პრეზიდენტს კანონპროექტის ხელმოსაწერად და გამოსაქვეყნებლად 24-საათი რჩება. ეს ნორმალური პრაქტიკა არ არის და მას მივმართავ დაპირებით, რომ მსგავსი აღარ უნდა განმეორდეს. ამასთან, ვთხოვ, გადაწყვეტილება მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე მიიღოს – საქართველოს პრეზიდენტი არის სახელმწიფო ორგანოების ნორმალური ფუნქციონირების გარანტი და გადაწყვეტილების სწრაფად ხელმოწერა და ძალაში შესვლა სამართლადამცავი სისტემის ნორმალური ფუნქციონირების გაგრძელებას სჭირდება", - განაცხადა უსუფაშვილმა.
ფარულ მოსმენაზე წვდომის "გასაღებთან" დაკავშირებით პარლამენტი შესაბამის კანონპროექტს პირველი აპრილის ნაცვლად, თებერვლის ბოლომდე მოამზადებს და დაამტკიცებს. გადასაწევი ვადა, დავით უსუფაშვილის წინადადების გათვალისწინებით, ერთი თვით შეიკვეცა.
"ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ" კანონში ცვლილებები პარლამენტმა 65 მომხრე, 31 - წინააღმდეგი დაამტკიცა.