შალვა შავგულიძე - ჩამოყალიბებული არ ვართ, სად უნდა იყოს პერსონალურ მონაცემებზე წვდომის

შალვა შავგულიძე - ჩამოყალიბებული არ ვართ, სად უნდა იყოს პერსონალურ მონაცემებზე წვდომის "გასაღები"

არ ვიცით, ჩამოყალიბებული არ ვართ, სად უნდა იყოს პერსონალურ მონაცემებზე წვდომის "გასაღები" – შსს-ში, დამოუკიდებელ სახელმწიფო ორგანოში, კომუნიკაციების კომპანიებში, თუ უნდა შემოვიღოთ ე.წ. ორმაგი გასაღების სისტემა, - აღნიშნული განცხადება დეპუტატმა შალვა შავგულიძემ გუშინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც შესაბამისი კანონპროექტის 2015 წლის 1-ელLაპრილამდე გადავადების საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა. 

როგორც შავგულიძემ განმარტა, საკითხი იმ დონეზე დამუშავებული არ არის, რომ მასზე კანონი იყოს მიღებული და აღნიშნა, რომ დათქმულ ვადაში – 1-ელ ნოემბრამდე კანონპროექტის მომზადება და მიღება ობიექტურად ვერ გახდა შესაძლებელი.

შავგულიძემ პარლამენტის სხდომაზე ისიც განაცხადა, რომ ე.წ. ორგასაღებიანი სისტემის იდეა, "სიმპათიური იდეაა", მაგრამ მისივე შეფასებით, მას ძალიან სერიოზული გაანალიზება სჭირდება. შავგულიძე ფიქრობს, რომ თუკი "ორგასაღებიანი სისტემა" ამოქმედდება, აქედან ერთი "გასაღები" სასამართლოში უნდა იყოს. 

პარლამენტმა აგვისტოში ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტი ისე მიიღო, რომ ღიად დარჩა საკითხი, ვის ხელში უნდა იყოს ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიების მიერ განხორციელებულ საკომუნიკაციო ინფორმაციაზე წვდომის ტექნიკური შესაძლებლობა – ე.წ. გასაღები. ასევე ღიად დარჩა საკითხი სად, რა ვადით და რა მოცულობით უნდა ინახებოდეს კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია. აგვისტოში მიღებული საკანონმდებლო პაკეტის გათვალისწინებით, პარლამენტს 2014 წლის 1-ელ ნოემბრამდე ჰქონდა პერსონალურ მონაცემებზე წვდომის მექანიზმებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ნორმის დამტკიცების ვადა, თუმცა ინიცირებული პროექტით ეს ვადა 5 თვით - 2015 წლის თებერვლამდე გადაიწევს.