პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება არ იყო საუკეთესო ნიმუში კონსენსუსის მოსაძებნად

პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება არ იყო საუკეთესო ნიმუში კონსენსუსის მოსაძებნად

პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება არ იყო საუკეთესო ნიმუში კონსენსუსის მოსაძებნად, მაგრამ მისიც მესმის, - ამ განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პერსონალურ მონაცემებზე წვდობის "გასაღების" საკითხთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი პოზიცია შეაფასა.

უსუფაშვილმა საკითხზე მომუშავე მხარეებს მიმართა, რადიკალური მოსაზრებების გამოხატვისგან თავი შეიკავონ. "მინდა მოვუწოდო ყველას - გადავდგათ პოლიტიკური ნაბიჯები და მოვიქცეთ ისე, როგორც პოლიტიკოსებს გვეკადრება. პოლიტიკოსი არ არის ის პროფესიონალი, რომელმაც აზრი რაც შეიძლება ხმამაღლა და მკაფიოდ უნდა გამოტახოს. პოლიტიკოსი ის პროფესიონალია, რომელმაც სხვისთვის მისაღებად უნდა გამოხატოს აზრი და შეხედულებები. მივმართავ ყველას, თავი შევიკავოთ კატეგორიული მოსაზრებებისგან, წინასწარ გაცხადებული საბოლოო დასკვნებისა და პოზიციისგან – ეს ეხება ყველას, არასამთავრობო ორგანიზაციების, მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლებს. ჩვენ უნდა მოგვეცეს საშუალება, მივიღოთ გააზრებული გადაწყვეტილება. ამ თვალსაზრისით, მე არ ვთვლი, რომ პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება იყო საუკეთესო ნიმუში იმისკენ, რომ მოვძებნოთ კონსენსუსი, მაგრამ მისიც მესმის, რადგან ამ დღეებში გაისმა რამდენიმე კატეგირიული მოსაზრება, რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, მაგრამ პოლიტიკოსებს – მთავრობისა და პარლამენტის წევრებს მეტი ვალდებულება და პასუხისმგებლობა გვაკისრია", - განაცხადა უსუფაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან.

დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტსაც მიმართა და კანონპროექტის ხელმოწერისა და გამოქვეყნებისკენ მოუწოდა. პარლამენტის თავმჯდომარემ წუხილი გამოხატა, რომ სახელმწიფოს მეთაურს ამისთვის 24-საათიანი ვადა აქვს.

"მინდა გამოვთქვა წუხილი, რომ პრეზიდენტს კანონპროექტის ხელმოსაწერად და გამოსაქვეყნებლად 24-საათი რჩება. ეს ნორმალური პრაქტიკა არ არის და მას მივმართავ დაპირებით, რომ მსგავსი აღარ უნდა განმეორდეს. ამასთან, ვთხოვ, გადაწყვეტილება მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე მიიღოს – საქართველოს პრეზიდენტი არის სახელმწიფო ორგანოების ნორმალური ფუნქციონირების გარანტი და გადაწყვეტილების სწრაფად ხელმოწერა და ძალაში შესვლა სამართლადამცავი სისტემის ნორმალური ფუნქციონირების გაგრძელებას სჭირდება", - განაცხადა უსუფაშვილმა.

ფარულ მოსმენაზე წვდომის "გასაღებთან" დაკავშირებით პარლამენტი შესაბამის კანონპროექტს პირველი აპრილის ნაცვლად, თებერვლის ბოლომდე მოამზადებს და დაამტკიცებს. გადასაწევი ვადა, დავით უსუფაშვილის წინადადების გათვალისწინებით, ერთი თვით შეიკვეცა.

"ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ" კანონში ცვლილებები პარლამენტმა შედეგით - 65 მომხრე, 31 წინააღმდეგი დაამტკიცა.