სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება "ნაციონალური მოძრაობის" სისხლისმსმელი რეჟიმის უტყუარი არსებობის დასტურია

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება "ნაციონალური მოძრაობის" სისხლისმსმელი რეჟიმის უტყუარი არსებობის დასტურია, - ამის შესახებ კონტროლის პალატის ყოფილმა ხელმძღვანელმა სულხან მოლაშვილმა "ინტერპრესნიუსს" თემის კომენტირებისას განუცხადა.

სულხან მოლაშვილი, რომელიც ამჟამად საფრანგეთში იმყოფება, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად იგი ევროპული კონვენციის ოთხი მუხლით გამართლდა. მოლაშვილის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ათწლიანი ბრძოლის შედეგია.

"ეს გადაწყვეტილება არის ათწლიანი ლოდინის, ათწლიანი ბრძოლის შედეგი, რომელსაც სულმოუთქმელად ველოდით. ეს არის დასტური "ნაციონალური მოძრაობის" სისხლისმსმელი რეჟიმის უტყუარი არსებობისა, "ნაციონალური მოძრაობის" მესვეურების მიერ წარმოებული პოლიტიკისა, ამ უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში. ეს არის მაგალითი, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება და როგორ არ უნდა გააუბედურონ ოჯახები და როგორ არ უნდა გაამწარონ ადამიანთა სიცოცხლე", - აღნიშნა სულხან მოლაშვილმა.

სტრასბურგის სასამართლომ სულხან მოლაშვილის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოიტანა და კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი ევროპული კონვენციის 4 მუხლით გაამართლა.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, 4 მუხლის შინაარსი ასეთია - არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას ან დასჯას, თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება, სასამართლო განხილვის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა.

საქართველოს მთავრობას კი სულხან მოლაშვილისთვის 3 თვის ვადაში 20 ათასი ევროს ოდენობით კომპენსაციის გადახდა და 1 წლის ვადაში საქმის გამოძიება დაევალა.

როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძემ განაცხადა, სულხან მოლაშვილი უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად იყო პატიმრობაში. "სულხან მოლაშვილის მიმართ, ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან მისი უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევას ჰქონდა ადგილი. წინა ხელისუფლებაც გახდა იძულებული აღიარების წერილი გაეგზავნა სტრასბურგში და დაეწყო მოლაშვილთან მორიგების პროცედურა, მაგრამ ამის შემდეგ დავა გაგრძელდა და გაიწელა ეს პროცესი, რადგან წინა ხელისუფლებასა და მოლაშვილის ადვოკატებს შორის ვერ ხერხდებოდა შეთანხმების მიღწევა მორიგების ტექსტის თაობაზე. ჩვენ ეს პროცედურა დავასრულეთ და სტრასბურგის სასამართლომ ეს საქმე დახურა, რომლის ძალითაც ჩვენ, სახელმწიფოს დაგვეკისრა 20 ათასი ევროს გადახდა", - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

სულხან მოლაშვილმა სარჩელით ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 2004 წელს მიმართა.