თავდაცვის სამინისტროს ხუთივე მაღალჩინოსანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თავდაცვის სამინისტროს ხუთივე მაღალჩინოსანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

შესყიდვების საქმეზე დაკავებულ თავდაცვის სამინისტროს ხუთივე მაღალჩინოსანს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

საქმეს გრიფი "საიდუმლო" ადევს და, შესაბამისად, პროცესი დახურული იყო. პატიმრობის შესახებ შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა.

როგორც პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განმარტა, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული უნდა ყოფილიყო პატიმრობა, რათა ამ პირებმა, რომლებიც არიან მაღალი თანამდებობის პირები, ზეგავლენა არ მოახდინონ მოწმეებზე. მისივე თქმით, დაცვის მხარე საზოგადოების დეზინფორმირებას ეწევა, როდესაც აცხადებს, რომ მათ მასალების გაცნობის საშუალება არ მისცეს. წიკლაურის ცნობით, ადვოკატები ორი დღის განმავლობაში მასალების გაცნობაზე უარს თავადვე ამბობდნენ.

დღევანდელ გადაწყვეტილებას დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ადვოკატ ლევან სამუშიას შეფასებით, ეს არის სრულიად არასამართლიანი გადაწყვეტილება. მანვე მიმართა სამართალდამცველ ორგანოებს და აღნიშნა, რომ "ეს საქმე სამარცხვინოა". ადვოკატების განცხადებით, მოსამართლემ დღეს მათ თავისი პოზიციის დაფიქსირების საშუალებაც არ მისცა.

წინასაამართლო სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება.

მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები დააკავა. უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.

მთავარმა პროკურატურამ დააკავა: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.

აღნიშნულ პირებს ბრალი წარედგინათ სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, რაც სახელმწიფო ქონების უკანონოდ გაფლანგვასა და მითვისებას გულისხმობს.