ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი დღეს რუსეთთან მეკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ გასაფორმებელი დოკუმენტის საკუთარი პროექტის განხილვას იწყებს.
აფხაზეთის პარლამენტის მიერ მომზადებულ, რუსეთის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტის ალტერნატიულ ტექსტს ვებ-გვერდი www.sukhum-moscow.ru ავრცელებს.
დოკუმენტში საუბარია რუსეთთან "სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაზე ორივე ქვეყნის ინტერესების დაცვით", რაც ითვალისწინებს თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიანი სივრცის შექმნას, აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას, პირობების შექმნას აფხაზეთის მონაწილეობისთვის ინტეგრაციულ პროეექტებში, რომლებიც ყოფილ პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის ინიციატივით ხორციელდება.
ხელშეკრულების პროექტის მიხედვით: მხარეები კოორდინირებულ საგარეო პოლიტიკას განახორციელებენ; რუსეთის ფედერაცია ხელს შეუწყობს აფხაზეთის საერთაშორისო აღიარების პროცესს; რუსეთისა და აფხაზეთის შეიარაღებული ძალებისგან გამოყოფილი, ერთობლივ სამხედრო დაჯგუფებების და ერთობლივი სარდლობის შექმნა, რომელსაც აგრესიის პერიოდში რუსეთის მხრიდან დანიშნული ხელმძღვანელი და აფხაზი მოადგილე ეყოლება; განახორციელებენ ერთობლივ მოქმედებებს აფხაზეთის საქართველოსთან საზღვრის დასაცავად და 2-წლის განმავლობაში ჩაატარებენ საინჟინრო-ტექნიკური სამუშაოებს საზღვრის გასამაგრებლად; ერთი ხელმომწერი ქვეყნის მიმართ განხორციელებული სამხედრო აგრესია აღქმულ იქნება, ასევე, მეორე თავდასხმადაც; აფხაზეთის მოქალაქეებს უფლება ექნებათ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში იმსახურონ; შეიქმნება შინაგან საქმეთა ორგანოების საკოორდინაციო ცენტრი; აფხაზეთი ორი წლის განმავლობაში გაატარებს ღონისძიებებს თავისი კანონმდებლობის საბაჟო კავშირის რეგულაციებთან შესაბამისობაში მოსაყვანად;
დოკუმენტის პროექტით გათვალისწინებულია რუსეთისა და აფხაზეთის ე.წ. კანონმდებლობის დაახლოება თითქმის ყველა სფეროში.