შესაძლოა, პროკურატურასა და პარლამენტს შორის რამდენიმე დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნაზე ფარული გარიგება მიმდინარეობდეს

შესაძლოა, პროკურატურასა და პარლამენტს შორის რამდენიმე დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნაზე ფარული გარიგება მიმდინარეობდეს

უმცირესობა საკუთარ წევრზე პროკურატურის შუამდგომლობასთან დაკავშირებით საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტისგან განმარტებას ითხოვს.

როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, პროკურატურამ ე.წ. მარნეულის ინცინდენტზე გიგი უგულავას საქმის ერთი თვით გადადება ითხოვა და სასამართლოსადმი შესაბამის შუამდგომლობაში მიზეზად ის დაასახელა, რომ ინციდენტში მონაწილე დეპუტატების საგამოძიებო ორგანოში დაბარება, დაკითხვა და ამ მიზნით პარლამენტისგან თანხმობის მიღება სურს.

როგორც ბეჟაშვილი განმარტავს, პროკურატურას პარლამენტის წევრის დაკითხვის უფლება ისედაც აქვს და ამიტომ დეპუტატი არ გამორიცხავს, ამ შემთხვევაში სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე პარლამენტსა და პროკურატურას შორის რაიმე ტიპის ფარულ გარიგებას ჰქონდეს ადგილი.

"პროკურატურამ გიგი უგულავას საქმის, რომელიც ე.წ. მარნეული ეპიზოდს ეხება, განხილვის ერთი თვით გადავადება ითხოვა. მიზეზად დაასახელა ის, რომ საქმეში პარლამენტის ხუთი წევრი ფიგურირებს, რომელთა დაკითხვაც და შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარება ვერ მოხერხდა მათი იმუნიტეტის გამო. სასამართლოსადმი შუამდგომლობაში ნათქვამია, რომ ამჟამად მიმდინარეობს აქტიური დიალოგი პარლამენტთან ხსენებული პირების საგამოძიებო ორგანოში დაკითხვის მიზნით დაბარებარებაზე ნებართვის გაცემის თაობაზე", - განაცხადა ბეჟაშვილმა პლენარულ სხდომაზე და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარეს გიორგი კახიანს სთხოვა განემარტა, რა ხდება რეალურად პროკურატურის ამ შუამდგომლობასთან დაკავშირებით.

გიორგი კახიანის თქმით, ამაზე პასუხი არის რეგლამენტსა და კონსტიტუციაში, რომ პარლამენტის წევრის დაკითხვას პარლამენტის თანხმობა არ სჭირდება. მისი თქმით, "არავითარი ფარული მოლაპარაკებები ამ მიმართულებით პროკურატურასთან არ მიმდინარეობს".