საპარლამენტო უმცირესობის წევრი პავლე კუბლაშვილი მოწმეთა დაკითხვის შესახებ კანონთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილთან საუბარს ადასტურებს და აღნიშნავს , რომ პრემიერ-მინისტრს მოსმენილიდან აზრის გამოტანის პრობლემა აქვს.
პავლე კუბლაშვილის განცხადებით, კარგი იქნება თუკი ირაკლი ღარიბაშვილი ყურადღებით მოუსმენს იმ ადამიანებს, რომლებიც უკეთესად ერკვევიან საკითხებში.
,,ასეთი საუბარი ნამდვილად იყო ირაკლი ღარიბაშვილთან მაშინ, როდესაც ფარცხალაძის ფინანსურმა პოლიციამ მერიის 23 თანამშრომელი დააკავა, მაშინ როცა ნატო-ს ვიზიტი იყო საქართველოში. ამაზე თვითონ ღარიბაშვილი იყო ძალიან შეშფოთებული და ამბობდა, რომ პროკურატურას და სამართალდამცველ ორგანოებს აქვთ კვალიფიკაციის პრობლემა, რასაც მე, მაშინ ვადასტურებდი და ახლაც ვადასტურებ. ეს გამოაშკარავდა მაშინაც, როდესაც ფარცხალაძე გადაიყვანეს მთავარ პროკურორად და გამოაშკარავდა მისი კრიმინალური წარსული. ჩემი მხრიდან პასუხი იყო, რომ სამართალდამცველი ორგანოების კვალიფიკაციის ზრუნვა არის ხელისუფლების ვალდებულება და ეს მათ უნდა გააკეთონ. რაც შეეხება ოპოზიციას, ჩვენ დავსვამთ ახლაც და მომავალშიც, მოწმეთა სასამართლოში დაკითხვის საკითხის აუცილებლობას. სამწუხაროა, რომ ღარიბაშვილს მაშინაც და დღესაც მოსმენილიდან აზრის გამოტანის პრობლემა აქვს და ყურადღებით თუ მოუსმენს ადამიანებს, რომლებიც მასზე უკეთესად ერკვევიან საკითხებში, კარგი იქნება", - განაცხადა პავლე კუბლაშვილმა
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატ პავლე კუბლაშვილთან მოწმეთა დაცვის წესის შესახებ კანონზე საუბრის დეტალები გაიხსენა.
"მახსოვს მინისტრობისას საუბარი "ნაციონალური მოძრაობის" წევრ პავლე კუბლაშვილთან, რადგან ეს საკითხი სწორედ მათი ინიცირებული იყო. მან ძალიან კარგად იცოდა, რომ სამართალდამცავი ორგანების პარალიზებას გამოიწვევდა. დავუსვი კითხვა, რატომ აკეთებდა ამას, რადგან ეს ქვეყანა მათიც არის - "ნაციონალური მოძრაობისაც", ოპოზიციისა და რატომ არ უფრთხილდება სახელმწიფო ინტერესებს. მან მიპასუხა, რომ ოპოზიციის საქმეა, მთავრობას შეუქმნას პრობლემები და ხელისუფლება უნდა იყოს მოწოდებული, რომ ასეთი შეცდომები არ დაუშვას და ასეთ გამოწვევებს უპასუხოს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.