დღეიდან თურქეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეები ქართულის შესწავლას იწყებენ

დღეიდან თურქეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეები ქართულის შესწავლას იწყებენ

დღეიდან, ანუ 30 ოქტომბრიდან თურქეთში, კერძოდ საქარიას ვიალეთის გეივეს რაიონის სოფელ ნურუოსმანიეს საშუალო სკოლაში, რომელიც თურქეთის ეროვნული განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაშია, მოსწავლეები ქართული ენის, როგორც არჩევითი საგნის სწავლას იწყებენ. ამის შესახებ თურქეთში მოქმედი ქართული დიასპორული ვებგვერდი Gurcu.org-ი იუწყება.

"მარმარილოს ზღვის რეგიონის ქართველების პლატფორმის წევრის მუსტაფა კოლათის (კოლოტაშვილი) განცხადებით, სოფელ ნურუოსმანიეში მშობლებთან შეხვედრის შედეგად ოცმა მშობელმა განცხადება შეიტანა სკოლაში, აირჩია ქართული ენა. მუსტაფა კოლათის (კოლოტაშვილი) სკოლის დირექტორთან და გეივეს რაიონის განათლების განყოფილებასთან შეხვედრებმა დადებითი შედეგი მოგვცა. მიუხედევად იმისა, რომ ქართული ენის სწავლების პროგრამის დამტკიცებიდან სულ ცოტა ხანი გავიდა, ასე მოკლე დროში პირველი კლასის გახსნის მოთხოვნამ დიდი სიხარული გამოიწვია. სოფელ ნურუოსმანიეში ორი კლასი გაიხსნება, ბავშვებს კვირაში ორი საათი ექნებათ ქართულის გაკვეთილი, ხოლო მასწავლებლად რაიონის განათლების განყოფილების მიერ დანიშნულია მუსტაფა კოლათი (კოლოტაშვილი). როგორც კოლათმა (კოლოტაშვილი) განაცხადა, ეს მხოლოდ დასაწყისია და ვიმედოვნებთ, მომავალ წელს მარმარილოს ზღვის რეგიონში, შავი ზღვის სანაპირო ზოლში და ადგილობრივი ქართველებით დასახლებულ ართვინსა და მის შემოგარენშიც არაერთი კლასი გაიხსნება. სასწავლო პროგრამების მიხედვით წიგნების მომზადება და მასწავლებლის კადრებით სკოლების უზრუნველყოფა ეროვნული განათლების სამინისტროს და რაიონული განყოფილებების მოვალეობაა. და ამ პირველ კლასებში კი ვსარგებლობთ ხელთარსებული საშუალებებით", - იუწყება ვებგვერდი Gurcu.org.

მიმდინარე წლის სექტემბერში თურქეთის განათლების სამინისტრომ დაამტკიცა თურქეთის საშუალო სკოლებში ქართული ენის სწავლების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მიმდინარე წლიდან თითოეულ საშუალო სკოლაში ქართული ენის შემსწავლელი 10 და მეტი მოსწავლის არსებობის შემთხვევაში მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 კლასებში ქართული ენის 244 საათიან სწავლების პროგრამას.