"ნაციონალური მოძრაობა" საგარეო საქმეთა სამინისტროსგან განმარტებას ითხოვს

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი „ჩათჰემ ჰაუზში" სიტყვით გამოვიდა, რაც მათი აზრით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მარცხია.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებაშია აღნიშნული, მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დისკუსიას ესწრებოდნენ მედიის და ლონდონში აკრედიტებული სხვადასხვა დიპლომატიური მისიების, მათ შორის საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებიც.

"ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ 2014 წლის 14 ოქტომბერს აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა სიტყვით გამოვიდა დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო საკითხთა სამეფო ინსტიტუტ „ჩათჰემ ჰაუზში.“ ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლა და ჩირიკბას მიერ დიდი ბრიტანეთის ვიზის მიღება საქართველოს მთავრობის და საგარეო საქმეთა სამინისტროს მნიშვნელოვანი მარცხია. მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით,  დისკუსიას ესწრებოდნენ მედიის და ლონდონში აკრედიტებული სხვადასხვა დიპლომატიური მისიების, მათ შორის საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებიც.

მოვითხოვთ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთოს განმარტება - მოახდინა თუ არა რეაგირება აღნიშნულ უაღრესად სახიფათო ფაქტზე და რატომ ვერ შეძლო ჩირიკბას სახელზე დიდი ბრიტანეთის ვიზის გაცემის არდაშვება",- ნათქვამია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში