ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე National Geographic-ის საზოგადოების მიწვევით, საზოგადოების ვაშინგტონის შტაბ-ბინას ესტუმრა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ელჩმა National Geographic-ის ფოტო არქივი დაათვალიერა და გაეცნო არქივის ქართულ სექციას, სადაც საქართველოს შესახებ სხვადასხვა პერიოდის უნიკალური ფოტომასალა ინახება. ელჩმა National Geographic-ის კარტოგრაფიის დეპარტამენტიც დაათვარიელა, სადაც ასევე წარმოდგენილია საქართველოს თაობაზე საინტერესო მასალა. ვაშინგტონის შტაბ-ბინაში სტუმრობისას National Geographic-ის საზოგადოების წევრებმა და საქართველოს ელჩმა განიხილეს National Geographic-ის და საქართველოს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. ისაუბრეს, ვაშინგტონში საქართველოს საელჩოში ამავე არქივის მასალებით ფოტოგამოფენის მოწყობის შესაძლებლობაზე.
National Geographic-ის ოქტომბრის ნომერში დაიბეჭდა სტატია სვანეთის შესახებ. ასევე National Geographic-ის ქართულ გამომცემლებთან მიღწეულია შეთანხმება და მიმდინარეობს მუშაობა სპეციალური ნომრის ან ფოტოალბომის გამოცემის თაობაზე, სადაც სწორედ National Geographic-ის არქივში დაცულ უნიკალურ მასალას გამოიყენებენ.